1762872737
თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, ილჰამ ალიევმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაურეკა და ღრმა სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის პრეზიდენტს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, ახლობლებს, ასევე მოძმე თურქ ხალხს საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის ლიდერის მიმართ სატელეფონო ზარისა და სამძიმრის გამოცხადებისთვის.
მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანის და თურქეთის შესაბამისი სამხედრო ორგანოები ინარჩუნებენ კავშირს მომხდართან დაკავშირებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.












