თურქეთში დაღუპულთა რაოდენობამ 2 920-ს გადააჭარბა, დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი

თურქეთი მიწისძვრა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 920-ს გადააჭარბა, დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ განახლებულ მონაცემებს თურქული მედია თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს, ადგილობრივი დროით 06:13 საათზე კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის განცხადებით, ქვეყანაში დაფიქსირდა 243 განმეორებითი ბიძგი, რომელთა ნაწილის სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღემატებოდა. სტიქიამ დაანგრია 6 200-ზე მეტი შენობა.

ცმობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ქაჰრამანმარაშთან დაფიქსირდა. ბიძგები იყო თურქეთის ათამდე პროვინციაში, მათ შორის გაზიანთეფში, დიარბაქირში, ადანაში, სანლიურფაში, ჰათაიში, მალათიასა და ქილისში. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 წუთზე დაფიქსირდა 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

აქვე, თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, რომ საქართველოს ყველა ის მოქალაქე, რომელიც  მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია.