წყალქვეშა ნავს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ჰქონდა - ახალი დეტალები ,,ტიტანის" ტრაგედიაზე

ტიტანი

OceanGate-ის წყალქვეშა ნავის, ტიტანის, კატასტროფის შემდგომ მისი გაუმართაობის შესახებ ბევრი რამ შევიტყვეთ. ამ ხომალდით მგზავრებს ტიტანიკის ნამსხვრევები უნდა მოენახულებინათ, თუმცა მცდელობას ყველა მათგანი, 5 ადამიანი, შეეწირა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

უილიამ რაიანი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფი, აცხადებს, რომ, რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან ხარვეზთან ერთად, წყალქვეშა ნავს ლოკაციის ელემენტარული ტექნოლოგიაც აკლდა. ტიტანი რომ დაკარგულიყო, ეს უკანასკნელი მის პოვნას მნიშვნელოვნად გაამარტივებდა.

როგორც რაიანმა განმარტა, ეს სტანდარტული ტექნოლოგიები აკუსტიკური პინგერი და ლოკაციის მიმანიშნებელი რადიოშუქურაა. პირველი მათგანი მოწყობილობაა, რომელიც წყალქვეშა ნავის მმართველ გემზე ხმის განმეორებად პულსაციებს გზავნის. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ტექნოლოგია წყალქვეშა ნავის ენერგიის მთავარ წყაროს არ ეყრდნობა.

ამ შემთხვევაში საქმე წყალქვეშა ნავის დაკარგვასთან არ გვქონია — იგი, დიდი ალბათობით, კატასტროფული "იმპლოზიის" შედეგად განადგურდა და მგზავრებიც მომენტალურად დაიხოცნენ. შესაბამისად, ეს კონკრეტული ხელსაწყოები მაინც არაფერში დაგვეხმარებოდა.

მეორე მხრივ, ტიტანი რომ რაიმე ხარვეზის (ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, სათევზაო ბადეში გახლართვა...) შედეგად მართლაც დაკარგულიყო, უფრო მეტი იქნებოდა შანსი, რომ ამ სტანდარტული ხელსაწყოებით ნავის მგზავრები დროულად გვეპოვა, სანამ ჟანგბადი ამოეწურებოდათ.

უნდა აღინიშნოს, 2021 წელს დისტანციურად მართული ხელსაწყო, სახელად Hercules, დაიკარგა, თუმცა ერთი დღის განმავლობაშივე იპოვეს ლოკაციის ტექნოლოგიის დამსახურებით.

სხვათა შორის, შესაძლო საფრთხეებზე საუბრის გამო 2018 წელს OceanGate-მა ერთ-ერთი თანამშრომელი დაითხოვა. თავად OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში, რომელიც თავს წესების დამრღვევ ინოვატორად მოიაზრებდა, ტიტანის წარუმატებელი ექსპედიციის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა.

ასევე ნახეთ:

ამ ქუჩებზე შუქი საღამომდე გაითიშება - ჩამონათვალი

,,პრაიმ ჰაუსი" ინფორმაციას ავრცელებს

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი