წლინახევრის ბიჭი გინესმა ყველაზე ახალგაზრდა მხატვრად აღიარა

მხატვარი

სემ ანკრა დასავლეთ აფრიკაში, განაში ცხოვრობს.  ბიჭი, სახელოვნებო სამყაროსა და დედის მაქსიმალური ჩართულობის დახმარებით, რომელიც თავადაც მხატვარია, მალე პირველ პერსონალურ გამოფენასაც გამართავს.

გამოფენაზე ვიზიტორებს ნამუშევრების შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ. მისი ნახატების ყიდვით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, უკვე არაერთი ადამიანი დაინტერესდა. გინესის რეკორდების სიაში მოსახვედრად სემმა სპეციალური საკვალიფიკაციო შემოწმებებიც გაიარა, რომლითაც დამტკიცდა, რომ ტილოები პროფესიონალური სტანდარტითა და აბსოლუტურად დამოუკიდებლადაა შესრულებული.

მართალია, ანკრა მსოფლიო საზოგადოებისთვის სულ ახლახან გახდა ცნობილი, თუმცა განაში უკვე რამდენიმე თვეა, რაც მის შესახებ მედიასაშუალებები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას. სწორედ ამის შედეგად, მისი 15 ნამუშევარი უკვე გაყიდულია.

„თავადაც ხელოვანი ვარ. შემოქმედებითი უნარების გასავითარებლად სემს ხატვა ადრეული ასაკიდანვე დავაწყებინე. მალევე აღმოჩნდა, რომ იგი სრულიად ავთენტკური კომპოზიციებს ქმნიდა და მივხვდი, რომ საქმე დიდ გატაცებასა და უნართან გვქონდა. როგორც მარტოხელა დედა, ვცდილობ, მაქსიმალურად შევუწყო ხელი მის განვითარებას, ცნობადობასა და აღიარებას”, - ამბობს სემის დედა.

როგორც ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, ტილოები განსაკუთრებული ხელწერითა და ნიჭიერებითაა შესრულებული. მათში ნათელი ფერები დომინირებს, თავად გამოსახულებების ფორმა და შინაარსი კი, უმეტესწილად, აბსტრაქტულია. რამდენიმე პროფესიონალმა ანკრას შემოქმედება ამერიკელი მხატვრის, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის წარმომადგენლის, ჯექსონ პოლოკის ხელწერასაც კი შეადარა.