ტრამპმა სომხეთს „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის დაწყება მიულოცა – „მშვიდობის დამკვიდრებაზე მნიშვნელოვანი მიზანი არ არსებობს, ჩემთვის დიდი პატივი იყო სომხეთის ხალხთან ერთად მუშაობა“

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთს „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ პროექტის ოფიციალურად დაწყება მიულოცა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აშშ-ის პრეზიდენტმა შეაქო გასულ წელს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი „ისტორიული“ სამშვიდობო შეთანხმება.

ტრამპმა ფაშინიანი „გამორჩეულ ადამიანად და დიდ მეგობრად“ მოიხსენია.

„ამით ძალიან ვამაყობ. მინდა, მივულოცო ჩემს მეგობარს, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს გაბედული ლიდერობისთვის — მშვიდობის გზის არჩევისა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ხანგრძლივი კონფლიქტის დასასრულებლად ჩვენთან ერთად მუშაობისთვის. 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეს კონფლიქტი უზარმაზარ ტანჯვას იწვევდა. ბევრი ცდილობდა მის მოგვარებას, თუმცა უშედეგოდ. მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და გასულ წელს თეთრ სახლში ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი.

დღეს ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის განკუთვნილი ტრამპის მარშრუტის“ და სრულიად ახალი კომპანიის – TRIPP Development Company-ის წამოწყებით. შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის ეს პარტნიორობა შექმნის ახალ სავაჭრო მარშრუტებს საქონლის, ენერგიისა და მგზავრთა გადაადგილებისთვის მთელ რეგიონში. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უზრუნველვყოთ ამ წამოწყების უდიდესი წარმატება. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ფაშინიანსა და მის კოლეგას, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს ჩვენთან თანამშრომლობისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა ეს დღე, ასევე — ნობელის მშვიდობის პრემიაზე ჩემი ასეთი გულმხურვალე წარდგენისთვის. ამასთანავე, მინდა, მოვიწვიო პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი თეთრ სახლში მომავალ წელს, როდესაც იგი ვაშინგტონს „ეროვნული ლოცვის საუზმეზე“ დასასწრებად ეწვევა.

მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას. ის გამორჩეული ადამიანი და შესანიშნავი მეგობარია. ჩვენ შეგვიძლია, ნაყოფიერად ვიმსჯელოთ, როგორ განვავითაროთ მშვიდობა რეგიონში და გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. შეერთებული შტატები ისეთ აღმავლობას განიცდის, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა — ამჟამად აშშ-ში 22 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. მსოფლიოში არცერთ სხვა ქვეყანას არასდროს ჰქონია მსგავსი მაჩვენებელი. დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობის დამკვიდრებაზე უფრო მნიშვნელოვანი და ღირსეული მიზანი არ არსებობს. ჩემთვის დიდი პატივი იყო სომხეთის ხალხთან ერთად მუშაობა, რათა ეს ყველაფერი შესაძლებელი გამხდარიყო. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი და გილოცავთ, თქვენ შესანიშნავი საქმე გააკეთეთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვისას.

✕