ტრამპის მიერ დაგეგმილი ტარიფების ზრდა გააუარესებს ინფლაციას და მკვეთრად შეამცირებს სამუშაო ადგილებს მექსიკასა და აშშ-ში - მექსიკის პრეზიდენტი

კლაუდია შაიბაუმი

დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილი ტარიფების ზრდა გააუარესებს ინფლაციას და მკვეთრად შეამცირებს სამუშაო ადგილებს ორივე ქვეყანაში, მექსიკასა და აშშ-ში, – ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შაიბაუმმა განაცხადა.

მექსიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საბაჟო გადასახადები მძიმედ იმოქმედებს აშშ-ის ავტომობილების მწარმოებლებზე, რომლებსაც საწარმოები მექსიკაში აქვთ, მაგალითად, General Motors-სა და Ford-ზე.

როგორც შეინბაუმმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით გეგმავს სატელეფონო საუბარს აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და წერილის გაგზავნას კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს.

ამასთან, მექსიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას სურს დიალოგი და თანამშრომლობა ნარკოტიკებთან და მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. შეინბაუმის თქმით, დარწმუნებულია შეთანხმების მიღწევაში, თუმცა გადასახადების დაწესების შემთხვევაში, მზად არის გააფართოოს სავაჭრო ურთიერთობები სხვა მიმართულებებით.

„ჩვენ ვუყურებთ არა მხოლოდ ჩრდილოეთისკენ, არამედ სამხრეთისა და ევროპის კონტინენტისკენ. მექსიკა ძლიერია და ჩვენ ყოველთვის პირველები ვიქნებით“, – განაცხადა შეინბაუმმა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მკვეთრად გაზრდის ტარიფებს მექსიკიდან, კანადიდან და ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე. ტრამპის განცხადებით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს საპასუხო ზომას არალეგალურ იმიგრაციასა და საზღვარზე „დანაშაულისა და ნარკოტიკების“ შემოდინებაზე.