ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
„თეთრმა სახლმა" აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული ფაილების სრულად გამოქვეყნების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გასაჯაროვდა საქმის მასალების 97%-ი, ჯამში, 13 173 ფაილი.
როგორც BBC წერს, დოკუმენტებიდან რაიმე ახალი დეტალის აღმოჩენას არავინ ელის, თუმცა, ისტორიკოსებს იმედი აქვთ, რომ კენედის მკვლელობის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას შეიტყობენ.
ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს, დალასში (ტეხასის შტატი) ვიზიტისას მოკლეს.
1992 წელს მიღებული კანონის მიხედვით, აშშ-ს მთავრობა ვალდებული იყო მკვლელობის საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი 2017 წლის ოქტომბრამდე გაესაჯაროებინა, თუმცა მაშინ მასალები არ გამოქვეყნებულა.
ცოტა ხნის წინ, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანება, რომელმაც საქმეში არსებული ფაილების გასაჯაროება შესაძლებელი გახადა. თუმცა, ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ 2023 წლის ივნისამდე, ზოგიერთი დოკუმენტი კვლავ საიდუმლოდ დარჩება, რათა „იდენტიფიცირებადი ზიანის" თავიდან არიდება მოხდეს. აშშ-ს ეროვნული არქივის ცნობით, 515 დოკუმენტი მათთან დარჩება, ხოლო 2,545 ნაწილობრივ იქნება დაცული.
1964 წელს ჩატარებული გამოძიების შედეგად, უორენის კომისიამ დაადგინა, რომ ჯონ კენედი აშშ-ის მოქალაქემ, ლი ჰარვი ოსვალდმა მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, ის მარტო მოქმედებდა. ლი ჰარვი დაკავებიდან 2 დღის შემდეგ დალასის პოლიციის შტაბის სარდაფში მოკლეს.
ჯონ ჯენედის მკვლელობის საქმეზე ათწლეულების განმავლობაში უამრავი შეთქმულების თეორია ვრცელდებოდა. აკადემიკოსები და თეორეტიკოსები იმედოვნებდნენ, რომ უახლესი ფაილებით ისინი ოსვალდის მექსიკაში საქმიანობის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას შეიტყობდნენ. როგორც ცნობილია, ოსვალდი 1963 წლის ოქტომბერში მექსიკაში KGB-ს საბჭოთა ოფიცერს შეხვდა.
თუმცა, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია - „2022 წელს გამოქვეყნებული ფაილები ოსვალდის მექსიკაში საქმიანობის შესახებ ახალი ინფორმაციას არ შეიცავს".