გიორგი კახიანი - ყველასთან დიალოგისთვის მზად ვართ, თუ გვაჩვენებენ, რომ რაიმე კანონმდებლობაში რეალურად არის განსახორციელებელი ცვლილება და ეს მტკიცებულებებს დაეფუძნება, ამისთვისაც მზად ვართ

გიორგი კახიანი

მზად ვართ აბსოლუტურად ყველასთან დიალოგისთვის და კონსტრუქციული დისკუსიისთვის. თუ გვაჩვენებენ, რომ რაიმე კანონმდებლობაში ცვლილება რეალურად არის განსახორციელებელი და მტკიცებულებებს დაეფუძნება, ამისთვისაც მზად ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, აქამდე ამას ვერ ვისმენთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების, ედიტე ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„რაიმე კრიტიკას როცა ვისმენთ, ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს დისკუსია, შეხვედრები, რათა მოვისმინოთ არგუმენტები, თუ რას ეფუძნება ასეთი კრიტიკა. ამავდროულად, მეორე მხარემ ჩვენგანაც უნდა მოისმინოს ასეთი არგუმენტები. როდესაც ვხედავთ, რომ  დისკუსიებიდან თავის არიდება ხდება, მხოლოდ უსაფუძვლო კრიტიკას ვისმენთ, ბუნებრივია, ამას რეაგირება ვერ მოჰყვება. მზად ვართ აბსოლუტურად ყველასთან დიალოგისთვის და კონსტრუქციული დისკუსიისთვის. თუ გვაჩვენებენ, რომ რაიმე კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილება რეალურად არის განსახორციელებელი და მტკიცებულებებს დაეფუძნება, ამისთვისაც მზად ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, აქამდე ამას ვერ ვისმენთ. ვისმენთ მხოლოდ კრიტიკას, რასაც არასდროს მოჰყვება მტკიცებულებები, ფაქტები. ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. მაგალითად, ამას წინათ ევროკავშირის შეფასება მოვისმინეთ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა. სტანდარტულად, ამაზე საუბრობენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე ევროკავშირის ინსტიტუციების მხრიდან გამოქვეყნებულ მთელ რიგ ინდექსებსა და შეფასებებში, რომელიც კეთდება სახელმწიფოებთან მიმართებით სხვადასხვა მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. პირველ რიგში არის კანდიდატ სახელმწიფოებს, რეგიონის ქვეყნებს შორის და ბევრი მაჩვენებლით უსწრებს, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც. მეორე მხრივ, ვისმენთ შეფასებებს, რომელიც ასეთ ფაქტებს არ ეფუძნება და რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან სრულიად უსაფუძვლოა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.