სუდანის არმიამ პრეზიდენტის სასახლეზე კონტროლი დაიბრუნა

სუდანის არმია

სუდანში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე, სუდანის არმიამ პრეზიდენტის სასახლეზე კონტროლი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სტრატეგიული მნიშვნელობის შენობას თითქმის ბოლო ორი წლის განმავლობაში სამხედრო ჯგუფი, „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ აკონტროლებდა. როგორც „ბიბისი“ წერს. ბოლო თვეებში დაპირისპირების გამძაფრების შედეგად, სუდანის არმიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

პრეზიდენტის სასახლესთან მდებარეობს სამინისტროების და ფინანსური ინსტიტუტების შენობები. ხართუმის ცენტრზე კონტროლის მოპოვების ფონზე, სუდანი არმია ახლოს არის დედაქალაქზე კონტროლის დაბრუნებასთან. გასამხედროებული ძალები კვლავ აკონტროლებენ ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დასავლეთ დარფურის რეგიონს.

ცნობისთვის, სუდანში 2019 წელს ომარ ალ-ბაშირის მმართველობის დასრულების შემდეგ, სუდანის არმია და „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ, თუმცა მოგვიანებით ვერ შეთანხმდნენ სამოქალაქო მმართველობის დამყარების გეგმაზე. უთანხმოების არსი დაკავშირებული იყო გასამხედროებული ჯგუფის არმიაში ინტეგრაციასთან, მაშინ „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლები შეტევაზე გადავიდნენ და დედაქალაქის დიდი ნაწილი დაიპყრეს.