სომხური ვარდების და ბოსტნეულის პირველი პარტიები უკვე გადის ექსპორტზე ახალ ბაზრებზე - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანი

სომხური ვარდების და ბოსტნეულის პირველი პარტიები უკვე გადის ექსპორტზე ახალ ბაზრებზე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

კითხვაზე, ევროკავშირზე საუბრობდა თუ სხვა ბაზრებზე, ფაშინიანმა უპასუხა: „ევროკავშირზეც და სხვებზეც“.

„ჩვენი რამდენიმე ბიზნესდელეგაცია დღეს უკვე მუშაობს და ვარდების და ბოსტნეულის პირველი პარტიები გაიგზავნა იმ ქვეყნებში, რომელთა შესახებაც მოგვიანებით მოგიყვებით. არ დარჩება არანაირი პროდუქტი. ისინი უკვე სხვა ბაზრებზე გადის ექსპორტზე“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ სომხურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე დაწესებულ შეზღუდვებს შეცდომა უწოდა.

„მჯერა, ეს ნაბიჯები არასწორია, რადგან ისინი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წინააღმდეგ განაწყობენ ხალხს და როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მაღალი თანამდებობის პირი, ამას პრობლემად მივიჩნევ. მაგრამ ჩვენ ყველა პრობლემას მოვაგვარებთ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, – „აღიარებს თუ არა სომხეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებთან დაკავშირებული პრობლემების არსებობას, განსაკუთრებით ფიტოსანიტარიული კონტროლის სფეროში“, – ფაშინიანმა უპასუხა, რომ ასეთი პრობლემები, შეიძლება, არსებობდეს ცალკეული კომპანიების მხრიდან.

„ცალკეულ კომპანიებს პრობლემები აქვთ და ეს ყველგან ასეა, მათ შორის, რუსეთში. საერთო ჯამში, ჩვენ გვაქვს კონტროლის ძალიან კარგი სისტემა და ვაგრძელებთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.