4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე დანაშაულს აღიარებენ

სასამართლო

ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე - ესენი არიან ის პირები, რომლებმაც 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული აღიარეს.

როგორც საქმის პროკურორმა, ლაშა ცქვიტარიამ განმარტა, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, რის გამოც მათ საპროცესო შეთანხმება 3 წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდებათ.

„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის საქმეზე დღევანდელ დღეს დასრულდა როგორც სახელმწიფო ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და სხდომა გადაიდო დასკვნითი სიტყვების ეტაპზე. გარდა ამისა, აღნიშნული საქმის ფარგლებში, სადაც პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, სახელმწიფო ბრალდებას განცხადებით მომართა ხუთმა პირმა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. აღნიშნული განცხადების მიხედვით, ხუთივე ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და მსგავსი პოზიცია მათ დააფიქსირეს სასამართლო სხდომაზეც.

გარდა ამისა, უშუალოდ პროცესის დაწყებამდე დამატებით კიდევ ორმა ბრალდებულმა წარმოადგინა განცხადება საპროცესო შეთანხმების თაობაზე, შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებას 12 ბრალდებულიდან 7 ბრალდებული აღიარებს და ინანიებს.

სახელმწიფო ბრალდებამ გამოხატა მზაობა და თანხმობა მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, შვიდივე ბრალდებულს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და უახლოეს პერიოდში აღნიშნული პირები გათავისუფლდებიან სხდომის დარბაზიდან.

საპროცესო შეთანხმება ფორმდება სამი წლით პირობით მსჯავრზე.“- აღნიშნა პროკურორმა.