რა ხდება ამ წუთებში მლეთაში, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები და მაშველები მუშაობდნენ
1786432669
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა ესპანეთში მიგრანტებისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭებას „ძალიან ცუდი იდეა“ უწოდა და განაცხადა, რომ ამის გამო ევროპა შესაძლოა, 2015 წლის მიგრაციულ კრიზისს დაუბრუნდეს და კონტინენტზე თავისუფალი გადაადგილების ზონა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
როგორც „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში კრისტერსონმა აღნიშნა, ესპანეთის მიერ მილიონზე მეტი არალეგალი მიგრანტის ამნისტიამ ევროკავშირის ლიდერების ბოლო შეხვედრაზე „საკმაოდ დიდი გამოხმაურება“ გამოიწვია, რადგან, მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკას, რომლის გატარებასაც სხვა ქვეყნები ცდილობენ.
„ამნისტიის არსებობა ასევე ქმნის შესაძლებლობას, გამოიყენოთ ევროპის ტერიტორია. ეს განსაკუთრებით გვაზიანებს, რადგან გამოცდილებიდან ვიცით, რომ ევროპაში ჩამოსული ბევრი ადამიანი ჩრდილოეთისკენ გადაადგილებას ამჯობინებს. სწორედ ეს მოხდა 2015 წელს“, – განაცხადა კრისტერსონმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამტკიცებს, რომ იმიგრაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ესპანეთის გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, განსაკუთრებით მოსახლეობის დაბერების ფონზე.
ამნისტიის შედეგად არალეგალური სტატუსის მქონე მიგრანტები ესპანეთში ერთწლიან ბინადრობის უფლებას მიიღებენ, რომლის გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება, თუ ისინი ესპანეთში ხუთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ და ნასამართლევები არ არიან. ამასთან ერთად, მათ ესპანეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება ექნებათ, თუმცა არა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ამასთან, მიგრანტებს შეეძლებათ, თავისუფლად გადაადგილდნენ შენგენის ზონის ფარგლებში, სადაც შიდა სასაზღვრო კონტროლი არ არსებობს.
შვედეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, შენგენის სისტემა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად „კოორდინირებულად იმოქმედებენ მისი წევრები, რათა დაიცვან გარე საზღვრები და უზრუნველყონ მაქსიმალურად შეთანხმებული პოლიტიკა“.
ულფ კრისტერსონმა, რომელიც მომავალ თვეში ხელახლა არჩევისთვის იბრძვის, აღნიშნა, რომ „ეჭვგარეშეა“, ერთი ქვეყნის გადაწყვეტილების შედეგად მიგრაციული ნაკადების ზრდა შენგენის სისტემის „სოლიდარობაზე“ გავლენას მოახდენს.
მანამდე, თავად შვედეთმა მნიშვნელოვნად გაამკაცრა მიგრანტებთან, დეპორტაციებთან და მუდმივ ბინადრობასთან დაკავშირებული წესები. შედეგად, გასულ წელს ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადების რაოდენობამ ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.