სექტემბრიდან ევროკავშირი ბრაზილიიდან ხორცის და სხვა ცხოველური პროდუქტების იმპორტს აკრძალავს

ევროკავშირი ბრაზილიიდან ხორცის და სხვა ცხოველური პროდუქტების იმპორტს აკრძალავს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ბრაზილიიდან ხორცისა და სხვა ცხოველური პროდუქტების იმპორტის აკრძალვას. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, გადაწყვეტილების მიზეზი ცხოველების ზრდის სტიმულირებისთვის გამოყენებული ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენებაა.

წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილებას ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი, რის შედეგადაც ბრაზილია გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისი ქვეყნების სიიდან ამოიღეს.

ევროკომისიაში „ევრონიუსს“ დაუდასტურეს, რომ 3 სექტემბრიდან ბრაზილია ვეღარ შეძლებს ევროკავშირში ისეთი პროდუქტების ექსპორტს, როგორებიცაა საქონლისა და ცხენის ხორცი, ფრინველი, კვერცხი და თაფლი.

„სავაჭრო შეთანხმებები ჩვენს წესებს არ ცვლის“, – განაცხადეს ევროკომისიაში.

მათივე განმარტებით, ევროკავშირის სავალდებულო სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სტანდარტები როგორც ევროპელმა ფერმერებმა, ისე მესამე ქვეყნების ექსპორტიორებმა უნდა დაიცვან.

ევოკომისიაში ეს აკრძალვა მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკული ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შევიდა ძალაში.

„ევრონიუსის“ ცნობით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოიცავს ბრაზილიას, არგენტინას, პარაგვაისა და ურუგვაის. დოკუმენტი აგროპროდუქციით ვაჭრობის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. შეთანხმებას ევროკავშირის ფერმერები მკაცრად აკრიტიკებდნენ. მათი თქმით, ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოქმედი განსხვავებული საწარმოო სტანდარტები ევროპელ მწარმოებლებს არათანაბარ კონკურენციაში აყენებს.