საფრანგეთის პრეზიდენტი სირიაში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი სირიაში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიაში ჩავიდა. ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერის პირველი ვიზიტია დამასკოში მას შემდეგ, რაც 2024 წელს პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით მოქმედმა მეამბოხეებმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს.

ეს ვიზიტი სირიაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს უსვამს ხაზს. ალ-შარაა, რომელიც წარსულში "ალ-ქაიდას" მეთაური იყო, დღეს დასავლეთისა და ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებთან თანამშრომლობს, რომლებიც ასადის რეჟიმს წლების განმავლობაში ემიჯნებოდნენ. მისი მთავარი მიზანი კი 13-წლიანი ომით განადგურებული ქვეყნის აღდგენაა.

დამასკოს აეროპორტში მაკრონს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ალ-შაიბანი დახვდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ალ-შარაასთან სამუშაო ვახშამს გამართავს, ხოლო სამშაბათს მხარეები მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სირიის აღდგენა იქნება.

მაკრონს თან ახლავს ფრანგი ბიზნესმენების დელეგაცია, მათ შორის TotalEnergies-ისა და CMA CGM-ის აღმასრულებელი დირექტორები.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მათი მონაწილეობა ქვეყნის აღდგენის პროცესში კერძო სექტორის შესაძლო ჩართულობაზე მიუთითებს.

ელისეს სასახლის ცნობით, მაკრონი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საფრანგეთის მხარდაჭერას თავისუფალი და მრავალფეროვანი სირიის მიმართ, სადაც დაცული იქნება ყველა თემის უფლებები. ვიზიტის ფარგლებში ის სხვადასხვა წარმომავლობისა და შეხედულების მქონე სირიელებსაც შეხვდება