რუსი ოლიგარქების იდუმალი გარდაცვალება - საერთო ხელწერა და საეჭვო გარემოებები

რუსი ოლიგარქები

ბოლო სამი თვის განმავლობაში, 7 რუსი ოლიგარქი საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა.  უმეტეს შემთხვევაში, სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად სუიციდი დასახელდა. თუმცა, არსებობს ვარაუდები და ეჭვები იმის შესახებ, რომ რეალურად, მათ გარდაცვალებაში კრემლის ხელი ურევია.  ინფორმაციას DW ავრცელებს. 
 
ლორეტ დე მარი, კატალონია:  19 აპრილს ესპანეთის პოლიციაში Novatek-ის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, სერგი პროტოსენიას ვაჟის, ფიოდორ პროტოსენიას ზარი შევიდა. ფიოდორ პროტოსენიამ პოლიციას აცნობა,რომ ესპანეთში მყოფ ოჯახთან დაკავშირებას, საათების განმავლობაში, უშედეგოდ ცდილობდა.  ადგილზე მისულ პოლიციას ბინაში 3 ცხედარი დახვდა - სერგის, მისი ცოლის (ნატალია) და ქალიშვილის (მარია). ესპანეთის პოლიციის დასკვნის მიხედვით, - სერგი პროტოსენიამ ჯერ მოკლა ცოლ-შვილი და შემდეგ თავი მოიკლა. 
 
სერგი პროტოსენიას ვაჟს, ფიოდორ პროტოსენიას ამ ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ მამამისი ოჯახს ზიანს არასდროს მიაყენებდა. 

სერგი პროტოსენია ოჯახთან ერთად


 

ამ ინციდენტამდე 24 საათით ადრე,  პოლიციამ მოსკოვის ძვირად ღირებულ ბინაში „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვლადისლავ ავაევისა და მისი ოჯახის  წევრების - ცოლისა და 13 წლის ქალიშვილის ცხედრები, იპოვა.  
 
Tass-ის ცნობით, გარდაცვლილ ავაევს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა. პოლიციის ინფორმაციით, მან ჯერ ცოლსა და ქალიშვილს ესროლა, შემდეგ კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. 

ვლადისლავ ავაევი

 

იანვრის მიწურულს, გარდაცვლილი იპოვეს „გაზპრომის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი, ლეონიდ შულმანი. სიკვდილის მიზეზად, ამ შემთხვევაშიც, სუიციდი დასახელდა. 
 
თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია „გაზპრომის“ ფინანსურმა დირექტორმა, ალექსანდრ ტიულიაკოვმა თავი მოიკლა. მის ცხედარს სანქტ-პეტერბურგში მდებარე ბინაში მიაგნეს.  მომხდარიდან 3 დღეში, ინგლისში, სარის საგრაფოში,  ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს უკრაინელი წარმოშობის რუსი მილიარდერი, მი­ხა­ილ უო­ტფორ­დი. 

მი­ხა­ილ უო­ტფორ­დი
 

 


24 მარტს ფარმაცევტული კომპანია MedStom-ის ხელმძღვანელი, ვასილი მელნიკოვი ნიჟნი ნოვგოროდში ძვირადღირებულ ბინაში მეუღლესა  და ორ ვაჟთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. 

 
საეჭვო გარემოებაში გარდაიცვალა სათხილამურო კურორტის, კრასნაია- პოლიანას დირექტორი, 37 წლის ანდრეი კრუკოვსკიც. რუსული მედიის ინფორმაციით, ის 2 მაისს სალაშქროდ იყო წასული და კლდიდან გადავარდა. როგორც DW წერს,  რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სტუმრებს ხშირად პატიჟებდა ანდრეის კურორტზე. 

ანდრეი კრუკოვსკი

 

DW-ს ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გარდაცვლილთაგან არცერთ ოლიგარქს რუსეთის წინააღმდეგ კრიტიკული შინაარსის შემცველი განცხადებები არ გაუკეთებიათ.