რუსეთს ამჟამად არ აქვს ბალტიის რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმის განზრახვა - ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი

კაუპო როზინი

რუსეთს ამჟამად არ აქვს ბალტიის რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმის განზრახვა, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, კაუპო როზინმა განაცხადა.

როზინის თქმით, ესტონეთის ამოცანაა, შეინარჩუნოს არსებული მდგომარეობა. ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ნატო-ს რეაქციების შედეგად, რუსეთმა შეცვალა თავისი ქცევა მთელ რეგიონში მომხდარი სხვადასხვა ინციდენტების შემდეგ და „ცხადია, რომ რუსეთი პატივს სცემს ნატო-ს და ცდილობს ამ დროს თავიდან აიცილოს ნებისმიერი ღია კონფლიქტი.“ ~

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული თვითმფრინავები ახლა ძალიან ფრთხილად აკვირდებიან ბალტიის ზღვაზე ფრენის ტრაექტორიებს და ზედმიწევნით ზუსტად იცავენ მარშრუტებს, რათა თავიდან აიცილონ ინციდენტები. ასევე, ნატო-ს მისიის დაწყების შემდეგ, აქ საკაბელო ხაზებთან დაკავშირებული ინციდენტები აღარ მომხდარა. ასეთია ამჟამინდელი სიტუაცია. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს მომავალში ინციდენტების შესაძლებლობას, სამხედრო აქტივობის მაღალი დონისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით – თეორიულად, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუმცა, ჩვენ არ ვხედავთ, რომ რუსეთი ახლა განზრახ ცდილობს რაიმე ესკალაციას”, – განაცხადა კაუპო როზინმა.