რუსეთმა გვიან ღამით დნეპრი და ხარკოვი დაბომბა. დაშავებულია 14 ადამიანი

hi

 რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ქალაქი დნეპრი დაბომბა. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

დაბომბვის შედეგად ქალაქში დაზიანდა საკუთარი სახლები და ავტომობილები. დაბომბვას ხანძარი მოჰყვა. ლისაკის განცხადებით, დაშავდა 14 ადამიანი, რომელთა ასაკი 18-დან 87 წლამდე მერყეობს.

დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო რამდენიმე ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

გვიან ღამით აგრეთვე დაიბომბა ხარკოვი. ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ქალაქში სულ მცირე 15 აფეთქების ხმა გაისმა. დაბომბვას აქაც ხანძარი მოჰყვა.