ხერსონსა და ნიკოპოლზე რუსეთის საჰაერო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

ხერსონი

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების, ხერსონისა და ნიკოპოლის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ქალაქებს ავიაციით, არტილერიითა და უპილოტო აპარატებით დაესხა თავს. გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად ხერსონში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის არის მოზარდი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოში, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მედდა და მძღოლი.

მშვიდობიანი მოსახლეობის უმრავლესობა უპილოტო აპარატებიდან ჩამოგდებული ჭურვებით დაზარალდა. დნეპროპეტროვსკის რეგიონის ქალაქ ნიკოპოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ხუთი კი დაშავდა. რუსეთმა ნიკოპოლზე საარტილერიო დაბომბვა განახორციელა.