რუსებს საქართველოს საზღვარზე რუსეთის აგრესორი აღიარებას სთხოვენ - ვოლოდინი

ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე სთხოვენ, რომ რუსეთი აღიარონ აგრესორ ქვეყანად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევად.

მისივე მტკიცებით, დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც თითქოსდა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე სთხოვენ, მოითხოვს დამოუკიდებელი სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების დაგმობას. აქამდე მსგავსი არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდინის თქმით, თუ რუსეთის მოქალაქეები მსგავს დოკუმენტს მართლაც აწერენ ხელს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

„აი, სწორედ ახლა, ნიკოლაი ვასილევიჩ კოლომეიცევმა გადმომცა დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც სთხოვენ მათ, ვინც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადადის. განაცხადი რუსეთის ფედერაციის საქართველოს ტერიტორიის საოკუპაციო რეჟიმად აღიარებაზე. ეს თუ ასეა და ჩვენი მოქალაქეები ამ დოკუმენტს ხელს აწერენ, სავსებით ცხადია, რომ ეს დანაშაულია. პირველ პუნქტში საუბარია იმაზე, რომ ხელმომწერი აღიარებს, რომ მისი ქვეყანა აგრესორია. ეს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა". – თქვა ვოლოდინმა.

ვოლოდინი რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც თითქოსდა საქართველოში შემოსვლამდე გარკვეულ დოკუმენტს აწერენ ხელს, აფრთხილებს, რომ დაისჯებიან, თუ ქვეყანაში დაბრუნდებიან.

„იქნებ, ვინც გაიქცა და ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა, კარგიცაა, რომ წავიდა? მათი ნდობა არაა საჭირო. მათ უკვე გვიღალატეს. თუმცა ჩვენ უნდა ვთქვათ: მათ საკუთარი ქვეყნის, ერის წინაშე მრავალი დანაშაული ჩაიდინეს. თუ უკან დაბრუნებას გადაწყვეტენ, დაისჯებიან". – თქვა ვოლოდინმა.

ვოლოდინმა რუსეთის დუმას ამ საკითხის შესწავლა შესთავაზა.

ლარსის გამშვებ პუნქტთან საქართველოში შემოსვლის მსურველ რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.