რუმინეთში რუსეთის დახმარებით ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავეს

რუმინეთი

რუმინეთში რუსეთის დახმარებით ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინეთის პროკურატურა ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წელს შექმნილი დაჯგუფების წევრები ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოყვანას, არსებული კონსტიტუციური წესრიგის განადგურებას, რუმინეთის სახელმწიფო დროშის, ჰიმნისა და სახელწოდების შეცვლას გეგმავდნენ.

„ექვსი დაკავებულიდან ხუთმა 2023 წელს ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი რუმინული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შესარყევად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის პოლიტიკური მეთოდებით დარღვევის გზით. დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არაერთხელ დაუკავშირდნენ უცხო სახელმწიფოს აგენტებს, რომლებიც იმყოფებოდნენ როგორც რუმინეთში, ასევე რუსეთის ფედერაციაში“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ჯგუფს ჰქონდა საკუთარი სამხედრო სტრუქტურა, ხოლო მისი ერთ-ერთი წევრი იყო გადამდგარი გენერალ-მაიორი.

„ჯგუფის მიზანი იყო ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოყვანა, არსებული კონსტიტუციური წესრიგის განადგურება, ახალი სახელმწიფო დროშის, ჰიმნის შემოღება და ქვეყნის სახელწოდების შეცვლა“, – აცხადებს რუმინეთის პროკურატურა.

პროკურატურის ცნობით, დაჯგუფებამ ასევე მიიღო ზომები გარე ძალებთან მოლაპარაკებებისთვის რუმინეთის ნატო-დან გასვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

„იანვარში ბრალდებულთაგან ორი ჩავიდა მოსკოვში, სადაც დაუკავშირდნენ ადამიანებს, რომლებიც მზად იყვნენ, მხარი დაეჭირათ რუმინეთში სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების ორგანიზების ძალისხმევისთვის“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ეჭვმიტანილები, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, დააკავეს 5 მარტს, იმავე დღეს, როდესაც ბუქარესტმა ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

მანამდე რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის სამხედრო ატაშე და მისი თანაშემწე. რუსეთის საელჩომ ამ ნაბიჯს „დაუსაბუთებელი და არამეგობრული“ უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს.

ცნობისთვის, 2024 წლის ბოლოს რუმინეთში სკანდალი აგორდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელშიც მოულოდნელად გაიმარჯვა პრორუსულმა კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ. ჯორჯესკუ ადრე ნაციონალისტური „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ წევრი იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 2 დეკემბერს დაამტკიცა შედეგები, მაგრამ ოთხი დღის შემდეგ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და არჩევნების შედეგი გააუქმა .

ამასთან, რუმინეთის სპეცსამსახურებმა არჩევნებში ჩარევაში რუსეთი დაადანაშაულეს, კერძოდ, სოციალურ ქსელებში ჯორჯესკუს პოპულარიზაციის კამპანიის მეშვეობით. რუმინეთის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა საქმე არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ. განმეორებითი არჩევნები რუმინეთში 4 მაისსა დაგეგმილი.

„როიტერის“ ცნობით, ახალი გამოძიება, რომლის შესახებაც 6 მარტს გახდა ცნობილი, კალინ ჯორჯესკუსთან დაკავშირებული არ არის.