„როგორც კი თავს უკეთ იგრძნობ, ჩემს მატჩზე გეპატიჟები“ - მიწისძვრით დაობლებულ 10 წლის ბიჭს კრიშტიანუ რონალდუმ ოცნება აუხდინა

რონადლო

ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ 10 წლის ანდრეს მიელსის ცხოვრება ერთ წამში შეიცვალა. სტიქიას მისი მშობლები და უფროსი ძმა ემსხვერპლნენ, თავად კი მძიმე დაზიანებები მიიღო და ექიმებს მისი მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდათ.

ანდრესი ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს, თუმცა უმძიმესი ტრაგედიის მიუხედავად, ერთი, თითქოს ძალიან უბრალო სურვილი ჰქონდა – კრიშტიანუ რონალდუს სტიკერის მიღება.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბიჭუნა სწორედ ამ სურვილზე საუბრობდა. ემოციურმა კადრებმა ათასობით ადამიანი შეძრა და, როგორც აღმოჩნდა, საბოლოოდ თავად ლეგენდარულ პორტუგალიელ ფეხბურთელამდეც მიაღწია.

რონალდუმ პატარა გულშემატკივრისთვის სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერა და თბილი სიტყვებით გაამხნევა.

„გამარჯობა, ანდრეს, როგორ ხარ? ამ ვიდეოს იმისთვის ვიღებ, რომ ჩახუტება გამოგიგზავნო. ვიცი, რომ ჩემი დიდი გულშემატკივარი ხარ. როგორც კი თავს უკეთ იგრძნობ, მინდა, ჩემი ერთ-ერთი მატჩის სანახავად დაგპატიჟო. გამიხარდება შენი ნახვა. წარმატებებს გისურვებ, მეგობარო“, – ამბობს კრიშტიანუ რონალდუ ვიდეომიმართვაში.

ვიდეოსთან ერთად ანდრესს გაუგზავნეს საჩუქრების ნაკრები, მათ შორის რონალდუს ხელმოწერილი მაისური, რომელმაც ბიჭუნას ყველაზე რთულ დღეებში განსაკუთრებული სიხარული მოჰგვარა.