რობერტ დე ნიროს ორი შვილის დედა, მსახიობი და მოდელი, 74 წლის ტუკი სმიტი გარდაიცვალა

ტუკი/დენირო

ამერიკელი მსახიობი და მოდელი ტუკი სმიტი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავ რობერტ დე ნიროს ყოფილი პარტნიორი და მისი ტყუპი შვილების დედა იყო, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია შვილებმა, აირინმა და ჯულიან დე ნიროებმა, 9 ნოემბერს გაავრცელეს. მათი განცხადებით, ტუკი სმიტი 4 ნოემბერს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში, გაფანტულ სკლეროზთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

„დედამ დატოვა განსაკუთრებული ოჯახური მემკვიდრეობა, რომელმაც ამერიკული მოდა და კულტურა ჩამოაყალიბა. მისმა სილამაზემ, ელეგანტურობამ და გამორჩეულმა ხიბლმა შავკანიან მოდელებსა და დიზაინერებს გზა გაუხსნა. ტუკი ბუნების ნამდვილი ძალა იყო. მან წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს გულებსა და ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვისაც მისი გაცნობის ბედნიერება ჰქონდა“, — ნათქვამია შვილების განცხადებაში.

ტუკი სმიტი, რომლის ნამდვილი სახელი დორის სმიტი იყო, 1952 წლის 25 სექტემბერს ფილადელფიაში დაიბადა. სამოდელო კარიერა 1972 წელს, ნიუ-იორკის მოდის ტექნოლოგიების ინსტიტუტში სწავლის პერიოდში დაიწყო. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ცნობილ დიზაინერებთან, მათ შორის ჰუბერ დე ჟივანშისთან, ტიერი მიუგლერთან, ისეი მიაკესა და პატრიკ კელისთან.

მისი ფოტოები ისეთ ცნობილ გამოცემებში იბეჭდებოდა, როგორებიცაა Vogue, Ebony, Cosmopolitan, Redbook და Seventeen. 1978 წელს უნივერმაღების ქსელმა Bloomingdale’s-მა ის წლის მოდელად დაასახელა.

ტუკი სმიტი ცნობილი მოდის დიზაინერის, უილი სმიტის და იყო და ძმის შემოქმედებასაც უწევდა პოპულარიზაციას. უილი სმიტი 1987 წელს, 39 წლის ასაკში, შიდსთან დაკავშირებული გართულებებით გარდაიცვალა.

1980-იანი წლების ბოლოს ტუკიმ სამსახიობო კარიერა დაიწყო. მონაწილეობდა პოპულარულ სერიალში „Miami Vice“, თუმცა ფართო მაყურებელმა განსაკუთრებით დაამახსოვრა თავი სატელევიზიო კომედიურ სერიალში „227“, სადაც ევა როულის როლს ასრულებდა. მოგვიანებით ითამაშა ფილმებში, მათ შორის „Talkin’ Dirty After Dark“, „I Like It Like That“, „Joe’s Apartment“ და „The Preacher’s Wife“.

სმიტს ასევე ჰქონდა საკუთარი კვების ბიზნესი და ნიუ-იორკში რესტორანიც გახსნა, რომელიც 1996 წელს დაიხურა.

რობერტ დე ნირო და ტუკი სმიტი ერთმანეთს 1988 წელს შეხვდნენ და დაახლოებით რვა წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. 1995 წელს მათ ტყუპი შვილები — აირინი და ჯულიანი — სუროგატი დედის დახმარებით შეეძინათ. წყვილი 1996 წელს დაშორდა.

ტუკი სმიტის გარდაცვალების შემდეგ შვილებმა დედას სოციალურ ქსელებშიც მიუძღვნეს ემოციური გამოსამშვიდობებელი პოსტები. აირინმა დედასთან ერთად გადაღებული ძველი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „ყოველთვის მეყვარები, დედა“.

✕