Reuters: ჩეხეთის პრემიერის X-ის ექაუნთზე კიბერშეტევა განხორციელდა

ჩეხეთის პრემიერი

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას X-ის ექაუნთზე კიბერშეტევა განხორციელდა. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის მთავრობის პრესმდივანზე, ლუცია მიჩუტ იესატკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მას შემდეგ, რაც ჩეხეთის პრემიერის ექაუნთზე შეტევა განხორციელდა, რამდენიმე ყალბი ინფორმაცია გავრცელდა.

ერთ-ერთი ყალბი პოსტის მიხედვით, რუსული ჯარი კალინინგრადის საზღვართან ჩეხეთის საჯარისო შენაერთებს თავს დაესხა. მოგვიანებით ეს პოსტი წაიშალა.

„ინფორმაცია ჩეხ ჯარისკაცებზე თავდასხმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“, - ციტირებს სააგენტო ჩეხეთის მთავრობის პრესმდივანს.

გარდა ამისა, კიბერშეტევის დროს ფიალას ექაუნთიდან ამერიკული ტარიფების შესახებ ინგლისურ და ჩეხურ ენებზე გაკეთებული ჩანაწერები გაქრა.