რატომ ბერდებიან ქალები უფრო ნელა - მეცნიერებს საინტერესო ახსნა აქვთ

მოხუცები

ახალი კვლევის თანახმად, სწავლისთვისა და მეხსიერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი "მძინარე" X ქრომოსომა ასაკის მატებასთან ერთად "იღვიძებს" როგორც თაგვებში, ასევე ადამიანებში.

ამ გენეტიკური ბიბლიოთეკის გავლენა, შესაძლოა, მთავარი მიზეზი იყოს იმისა, თუ რატომ ცოცხლობენ ქალები კაცებზე დიდხანს და რატომ ბერდებიან უფრო ნელა კოგნიტური თვალსაზრისით.

"ტიპური დაბერების შემთხვევაში, ქალის ტვინი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება და უფრო ნაკლები კოგნიტური დეფიციტი აღენიშნება, ვიდრე კაცის ტვინს. მიძინებული X ქრომოსომა ქალებში ხელმეორედ იღვიძებს ცხოვრების გვიანდელ ეტაპზე, რაც სავარაუდოდ კოგნიტურ გაუარესებას აფერხებს", - განმარტავს დენა დუბალი, ნევროლოგი სან ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (UCSF).

 როგორც მკვლევრები ამბობენ, X ქრომოსომა ადამიანის გენომის 5%-ს შეადგენს და მისი როლი ასაკოვანი ადამიანების ტვინში ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი.

მდედრ ძუძუმწოვრებს ორი ცალი X ქრომოსომა აქვთ, რომელთაგან თითოეულსაც თითო მშობლისგან იღებენ, თუმცა ყოველ უჯრედში მხოლოდ ერთი X ქრომოსომაა აქტიური, მეორე კი — ინაქტივირებული.

მეორე მხრივ, X ქრომოსომის ზოგიერთ გენს შეუძლია გადაურჩეს ინაქტივაციას, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქალებში ორივე X ქრომოსომის გამოვლინება ქალისა და კაცის ტვინს პოტენციურად სხვადასხვანაირად აბერებს.

ამ იდეის შესამოწმებლად, მკვლევრებმა შეისწავლეს ქალის ჰიპოკამპუსში ტვინის უჯრედები. ჰიპოკამპუსი ტვინის ის უბანია, რომელიც მნიშვნელოვნად არის ჩართული სწავლის, მეხსიერებისა და ემოციების დამუშავების პროცესში.

თავიდან ორი სახეობის მდედრი მღრღნელები შეისწავლეს — Mus musculus და M. castaneus. მათ მოდელებში M. musculus-ის X ქრომოსომას მნიშვნელოვანი გენი, სახელად Xist აკლდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი ინაქტივაცია ჩვეულებრივ ვერ მოხდებოდა.

აქედან გამომდინარე, M. castaneus-ის ზოგიერთ ნაშიერში ყოველთვის X ქრომოსომის დეაქტივაცია ხდება, ამიტომ თუ მისი გენეტიკური ეფექტები ტვინის უჯრედებში გამოჩნდება, ის "გადარჩენილად" ითვლება.

M. musculus სახეობის Xist-ის არმქონე XX თაგვები შეაჯვარეს M. castaneus სახეობის XY თაგვებთან. XX ნაშიერებმა, რომლებსაც Xist-ის წაშლა არ აღენიშნებოდათ (მარცხნივ), განიცადეს X ქრომოსომის შემთხვევითი ინაქტივაცია. XX ნაშიერები, რომელსაც Xist გენი წაეშალათ (მარჯვნივ), ინახავენ აქტიურ X ქრომოსომას მხოლოდ M. musculus-ის სახეობისგან და არააქტიურ X ქრომოსომას M. castaneus სახეობისგან.

რნმ-ის სეკვენირების გამოყენებით, მკვლევრებმა შეისწავლეს 40 000 ჰიპოკამპური უჯრედის ბირთვი ოთხ ახალგაზრდა და ოთხ ხანდაზმულ მდედრ თაგვში, რათა დაედგინათ, რომელი X ქრომოსომა იყო აქტიური.

M. castaneus-ის X ქრომოსომა წესით გამორთული უნდა ყოფილიყო, ამიტომ, გენების დაახლოებით 3%-დან 7% ინაქტივაციას როგორღაც გადაურჩა.

ეს მოცემულობა გამართლდა თაგვის ჰიპოკამპუსის უჯრედების უმეტესობაში, განსაკუთრებით ხანდაზმული თაგვების შემთხვევაში. უჯრედები, რომლებიც ყველაზე მეტად ავლენს არააქტიური X ქრომოსომის გენებს, არის dentate gyrus ტიპის ნეირონები, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეხსიერებაში და ოლიგოდენდროციტები, რომელიც წარმოქმნის ნეირონულ კავშირებს.

იმის დასადგენად, ვრცელდება თუ არა მოცემული აღმოჩენა ადამიანის ტვინზეც, მეცნიერებმა გადახედეს ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებს ასაკთან ერთად ცვალებადი არააქტიური გენების შესახებ.

დაბერებით გამოწვეული სამიზნე გენების დაახლოებით ნახევარი, რომელიც იპოვეს არააქტიურ X ქრომოსომაში, მუტაციის შემთხვევაში ადამიანებში გონებრივ ჩამორჩენილობას იწვევს. ეს კი იმას მოწმობს, რომ არააქტიური X ქრომოსომა გონებრივ განვითარებაზე პასუხისმგებელ გენებს შეიცავს.

ამ გენებიდან ერთ-ერთი, PLP1, განსაკუთრებით ვლინდება ასაკის მატებასთან ერთად ნეირონებში, ოლიგოდენდროციტებსა და dentate gyrus-ის ასტროციტებში. PLP1 გენი გამოყოფს მიელინის გარსის წარმომქმნელ ცილას. ნეირონები მიელინის გარსით არის გარშემორტყმული, სწორედ ეს გარსი ეხმარება ნეირონებს ინფორმაციის ეფექტურად გადაცემაში.

"თაგვების მსგავსად, მოხუც ქალებსაც მომატებული აღმოაჩნდათ PLP1 გენის გამოვლინება პარაჰიპოკამპუსში მოხუც კაცებთან შედარებით", - განმარტავენ ავტორები.

 PLP1 გენის გამოვლინების გაზრდამ ორივე სქესის თაგვებს გაუუმჯობესა გონებრივი შესაძლებლობები. მომავალში ეს შესაძლოა ტვინის დაბერების მკურნალობისთვის ახალ სამიზნედ იქცეს.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მდედრობითი სქესისთვის სპეციფიკური ბიოლოგია მეცნიერებასა და მედიცინაში ისტორიულად შედარებით ნაკლებად შეისწავლებოდა, თუმცა აღნიშნული ტენდენცია იცვლება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. X ქრომოსომის დანიშნულება ქალის ტვინის ჯანმრთელობისთვის უკვე ხდება აქტიური კვლევის საგანი.