შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს გიორგი მუმლაძის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში ჯარიმის ოდენობად 5 000 000 ლარია მითითებული

მუმლაძის ოქმი

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს გიორგი მუმლაძის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში ჯარიმის ოდენობად 5 000 000 ლარია მითითებული.

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს პოსტს და წერს, რომ მის მიმართ შედგენილ ერთ-ერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში ჯარიმის ოდენობად, 5 000 ლარის ნაცვლად, 5 მილიონი ლარია მითითებული.

მუმლაძე აქვეყნებს ფოტოსაც, რომელზეც მისი მტკიცებით აღნიშნული ჯარიმის ქვითარია ასახული.

„კურიერს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და განმარტეს, რომ მის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში, ჯარიმის ოდენობად 5000 ლარია დაფიქსირებული.

ამასთან უწყებაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება აღნიშნული ინფორმაციის ტირაჟირება, შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის ოქმის დედანს გაასაჯაროებს.