"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს

ევროკავშირი

ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს - ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად ამ პრივილეგიით სარგებლობენ, მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, ევროკავშირი იკანონებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს და ბრიუსელს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს.

"ბრიუსელს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს.

კიდევ ერთი საინტერესო და ახალი ასპექტია ის, რომ მექანიზმის ამოქმედება ამ შემთხვევაში ევროკომისიის ექსკლუზიური პრეროგატივა იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციების შემდეგ, რადგან ეს ბლოკის საგარეო ურთიერთობებს ეხება.

საბოლოო ჯამში, მესამე ქვეყანასთან სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება მაინც წევრი ქვეყნების გადასაწყვეტი იქნება - კვალიფიციური უმრავლესობით. ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს კვლავაც უკიდურეს ზომად განიხილება, ვინაიდან ბლოკს, როგორც წესი, არ სურს მთავრობის გამო დასაჯოს ქვეყნის მთელი მოსახლეობა.

სწორედ ამიტომ იყო, რომ წლის დასაწყისში ევროკავშირმა არჩია, შეეჩერებინა სავიზო ლიბერალიზაცია მხოლოდ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის, ამ ქვეყანაში დემოკრატიული უკან დახევის ფონზე. თუმცა მთელი მოსახლეობის სამიზნეში ამოღების ვარიანტი კვლავაც არსებობს და შეჩერების მექანიზმის მომავალი გაფართოების შემდეგ ბრიუსელს შეეძლება უფრო მოქნილად იმოქმედოს," - წერს რიკარდ იოზვიაკი.