რა მოხდება თუ 3 დღე ტელეფონს არ გამოიყენებთ - მეცნიერული ექსპერიმენტის შედეგები

ტელეფონი

შესაძლოა, ახლა ამ სტატიასაც თქვენი სმარტფონიდან კითხულობდეთ და ამაში არც არაფერია გასაკვირი. ბევრი ჩვენგანისთვის ტელეფონი განუყოფელ ნაწილად იქცა, სულ ხელში გვაქვს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყოველი შემთხვევისთვის აქამდე ასე იყო… ახლა კი ახალი კვლევა გვეუბნება, რომ თუ ტელეფონს ცოტა ხნით გვერდით გადავდებთ, ტვინის აქტივობა შეიცვლება. 

მართალია,  კვლევა  მცირემასშტაბიანი იყო, მაგრამ შედეგები ნამდვილად საინტერესოა… მეცნიერებმა 18-30 წლამდე 25 ახალგაზრდა შეისწავლეს. ამისთვის კი სთხოვეს, ტელეფონი რაც შეეძლოთ ნაკლებად გამოეყენებინათ 72 საათის მანძილზე, მხოლოდ ოჯახსა და სამსახურთან დაკავშირებული საკითხებისთვის ჰქონდათ სმარტფონის მოხმარების უფლება. MRI სკანირებები და ფსიქოლოგიური ტესტი კი ამ პროცესის დაწყებამდე და დასრულებისას ჩაუტარეს, რათა უკეთ განესაზღვრათ ტელეფონის ეფექტი ნერვულ აქტივობებზე.

„გამოვლინდა ასოციაციები ტვინის აქტივობის ცვლილებებსა და დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ ნეიროტრანსმიტერის სისტემებში“.

ექსპერიმენტის დროს მონაწილეებს მრავალი ფოტო აჩვენეს, მათ შორის ისეთებიც, რომლებშიც ჩართული და გამორთული ტელეფონი იყო ასახული, ნეიტრალური სურათებიც გემებისა და ყვავილების გამოსახულებით. შედეგად, სურათები, რომლებშიც ტელეფონი იყო გამოყენებული, მონაწილეებში ტვინის იმ ნაწილებს ააქტიურებდა, რომლებიც ჯილდოს მიღების სურვილსა და ლტოლვას უკავშირდება - ეს კი მსგავსია იმ შედეგებისა, რომლებიც ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებში გვხვდება…

და რა გამოდის? შესაძლოა, ტელეფონი ზუსტად ისე იწვევდეს დამოკიდებულებას, როგორც ნიკოტინი ან ალკოჰოლი. დოფამინისა და სეროტონინის სისტემებში ცვლილებებიც ტელეფონზე დამოკიდებულების იდეას ამყარებს. თანაც, ეს ორი ნეიროტრანსმიტერი კომპულსიურ ქცევასა და განწყობის კონტროლთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება ფსიქოლოგიური ტესტის შედეგებს, აქ რაიმე ცვლილება ნაკლებად გამოვლინდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ზოგიერთი მონაწილის განწყობა სმარტფონის ნაკლებად გამოყენებამ გააუმჯობესა…

საინტერესოა, რომ ტელეფონის მოხმარება პირველად კაცობრიობამ 20 წლის წინ დაიწყო, მისი პრაქტიკულობაც მალევე შეიგრძნო, თუმცა, როგორც ჩანს, ცოტა ზედმეტიც მოუვიდა - „დადგენილი ნერვული მექანიზმი დამოკიდებულების რისკს ზრდის ადამიანებში, რომლებიც სმარტფონს ჭარბად იყენებენ…“.