პროკურატურა, სააკაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კორუფციული სქემით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი - თეიმურაზ ჯანაშია, რომლის ქმედებაც ნაცვლად გაფლანგვისა, სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009 წლის მარტში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მასაჟისტი დოროთი შტეინი ე.წ. „დოქტორ დოტ“-ი მოიწვია, ხოლო მისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან განხორციელდა.

„ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ხარჯები საჯარო იყო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავენების თავიდან აცილება. ამ მიზნით მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მატერიალური უზრუნველყოფის მოსაპოვებლად შექმნა კორუფციული სქემა და სახელმწიფო საიდუმლოებად აქცია მისი მატერიალური სურვილების დასაკმაყოფილებლად შექმნილი დანაშაულებრივი სისტემა.

კერძოდ, სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, 2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა გრიფით „საიდუმლო“ განკარგულებები და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ კანონიერად ვერ მოხერხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009-2012 წლებში დაიხარჯა 20 მილიონ ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობის ჩართულობით, 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. მათ შორის:კოსმეტიკური პროცედურებისთვის - 700 000 ლარზე მეტი, მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავაზე ქ.ინსბურკში გამაჯანსაღებელ ცენტრში გასახდომი პროცედურებისთვის ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 114 682 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ბათუმში მოგზაურობებში, ასევე, მისთვის საჩუქრების შესაძენად გადახდილია 10 673 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; სარა ვარონესა და მონიკა პუგლიას სამკაულებით დასასაჩუქრებლად გადახდილია 10 670 ლარი; თინა ბოკუჩავასთვის “IPhone”-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი; სოფო ნიჟარაძისთვის ანაზღაურებულია სასტუმრო მომსახურებისა და სამგზავრო ბილეთების ხარჯები 5430 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის - ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 38 247 ლარი; ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის - სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისთვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის, მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისთვის და ესპანეთში მგზავრობისთვის გახარჯულია - 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი; ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებში გადახდილია 127 858 ლარი; მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების - გიული ალასანიას, თეიმურაზ ალასანიას, ნიკა ალასანიას და გიორგი ალასანიას მოგზაურობებზე დახარჯულია 25 117 ლარი; მიხეილ სააკაშვილის შვილების სწავლის დასაფინანსებლად გადახდილია 64 929 ლარი; შვილისთვის - ედუარდ სააკაშვილისთვის „IPhone“-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 2350 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასთვის ავსტრიაში ,,პორშეს“, ,,მერსედესისა“ და ,,აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისთვის გადახდილია 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად - 7 994 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის კოსმეტიკური პროცედურებისათვის ჯამურად გადახდილია 721 827 ლარი.

სასტუმროს მომსახურებისთვის გახარჯულია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 000 000 ლარზე მეტი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 1 მილიონ ლარამდე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე - 1 400 000-ზე მეტი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობაზე - 2 მილიონ ლარზე მეტი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის - 300 000 ლარამდე, ტანსაცმლის შესაძენად - 100 000 ლარზე მეტი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 250 000 ლარამდე და სხვ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება თეიმურაზ ჯანაშიას, მისი ქმედება ნაცვლად გაფლანგვისა შეფასდა, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს პროკურატურა თეიმურაზ ჯანაშიას ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ორ სისხლის სამართლის საქმეზე - სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტებზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები. აღნიშნული საქმეები განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც და დაადგინა, რომ მართლმსაჯულება იყო სამართლიანი, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად ბრალდებულის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას.

ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ორ სისხლის სამართლის საქმეზე - საზღვრის უკანონო კვეთის და „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების ფაქტებზე. თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში.