1741782778
პოლიტიკური შეკვეთა გაფორმდა, „ქართული ოცნების“ მესიჯია, ვიდრე ხელისუფლებაში არიან, სააკაშვილმა დღის სინათლე არ ნახოს - ბექა ბასილაია

პოლიტიკური შეკვეთა გაფორმდა. „ქართული ოცნების“ მესიჯია, ვიდრე ხელისუფლებაში არიან, სააკაშვილმა დღის სინათლე არ უნდა ნახოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
აღნიშნულით ბასილაიამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.
„როგორც ვვარაუდობდით, პოლიტიკური შეკვეთა გაფორმდა და შედგა. ეს არის „ქართული ოცნების“ მესიჯი, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან, მიხეილ სააკაშვილმა დღის სინათლე არ უნდა ნახოს და უნდა იყოს პოლიტიკურ ტყვეობაში. დღეს ეს მოვისმინეთ და ეს არ არის პოლიტიკური შეფასება. სასამართლოს როცა ვუსმენთ და მოჰყავს არგუმენტები, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სასამართლო საუბრობს საქმის მაქსიმუმ ათ პროცენტზე და საქმის 90%-თან დაკავშირებით განმარტება არ მოგვისმენია, თუნდაც ბრონირებული ავტომობილების ხარჯზე. როდესაც ამბობს, რომ ცხრა მილიონი გაიფლანგა, პრეზიდენტის უსაფრთხოების მიზნებისთვის როცა ხდება ბრონირებული ავტომობილის ქირაობა, ეს არ არის უსაფრთხოების ღონისძიება? როდესაც ის საუბრობს, თითქოს პირად ხარჯებს ჰქონდა ადგილი, დონალდ ტრამპის, ჰილარი კლინტონის, ჯო ბაიდენისა და სხვათა გამასპინძლება პირადი ხარჯია? ასე უსასრულოდ, ძალიან ბევრი შეგვიძლია, გავაგრძელოთ. მათ შორისაა მრავალრიცხოვანი ოფიციალური ღონისძიების საკითხი, როდესაც, მაგალითად, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სხვადასხვა მეზობელი ქვეყნიდან სტუმრობდა დელეგაცია საქართველოს და ამ დელეგაციებისთვის იყო გაწეული ხარჯი. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არის ივანიშვილის მიერ გაცემული დაკვეთის შესრულება“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
რაც შეეხება თემურ ჯანაშიას, რომელთან დაკავშირებითაც დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, ბექა ბასილაიას შეფასებით, თემურ ჯანაშიასთვის რაიმე ტიპის დანაშაულებრივი კვალიფიკაციის მიცემა უკანონო გადაწყვეტილებაა.
„თემურ ჯანაშიასთან დაკავშირებითაც პროცესის საწყის ეტაპზევე ვაცხადებდით, რომ ნებისმიერი კვალიფიკაციით, სამართლებრივად არასწორია გასამხედროებული დაწესებულების ხელმძღვანელისთვის ბრალის წარდგენა უმაღლესი მთავარსარდლისგან მიღებული განკარგულებების საფუძველზე. ჩვენ შემდგომშიც გვქონდა პრაქტიკა და ეს მტკიცებულებები სასამართლოში წარდგენილია, რომ მაგალითად, ანზორ ჩუბინიძეც იმავე ტიპის ხარჯს გასწევდა და შეუძლებელია, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა არ აღასრულოს იმ თანამდებობის პირის დავალება, ვის დაქვემდებარებაშიც იმყოფება. ჩვენ გვაქვს ასევე წარმოდგენილი, პრემიერ ღარიბაშვილის დავალებას როგორ ასრულებდა მღებრიშვილი, როდესაც იყო ამ სამსახურის უფროსი. თემურ ჯანაშიასთვის რაიმე ტიპის დანაშაულებრივი კვალიფიკაციის მიცემა არის უკანონო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ცოტა ხნის წინ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თემურ ჯანაშიას კი 300 ათასი ლარით ჯარიმა განესაზღვრა.