პუტინი კურსკის ოლქში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს დანებებისკენ მოუწოდებს

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სოცოცხლისა და ღირსეული მოპყრობის გარანტიას აძლევს კურსკის ოლქში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს, თუ ისინი იარაღს დაყრიან და დანებდებიან. ამის შესახებ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან გამართული თათბირისას განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ასეთია მისი რეაგირება დონალდ ტრამპის მოწოდებაზე, დაინდოს უკრაინელი ჯარისკაცები, რასაც ის „გაგებით“ მოეკიდა.

პუტინის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა უბრძანოს კურსკის რეგიონში მყოფ სამხედროებს, დანებდნენ.

„იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია „ყველაფერს“ აკეთებს, რათა დაიწყოს აშშ-რუსეთის ურთიერთობების აღდგენა. მისივე თქმით, „ვითარება ზოგადად წინ მიდის“.

ეს განცხადებები რუსეთის სახელმწიფო მედიამ პირდაპირ ეთერში აჩვენა.