გურიაში ავარიას 15 წლამდე მოზარდი ემსხვერპლა
1741963190
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურება. სუს-ის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2024 წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ქვეყანა უსაფრთხო გარემოს ინარჩუნებს.
"ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი" ყოველწლიური ანგარიში "გლობალური ტერორიზმის ინდექსი 2025" გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმის გავლენის ყოვლისმომცველ ანალიტიკურ დოკუმენტს წარმოადგენს.
ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ტერორიზმის ნულოვანი გავლენა ფიქსირდება. ქვეყანა უნგრეთთან, ხორვატიასთან, სლოვენიასთან, რუმინეთსა და ათობით სხვა სახელმწიფოსთან ერთად ბოლო ადგილს იკავებს, რაც ნიშნავს, რომ 2024 წელს საქართველოში ტერორისტულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია და ქვეყანა უსაფრთხო გარემოს ინარჩუნებს.
აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო წინ უსწრებს დიდი შვიდეულის, ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, იაპონიას, გერმანიას, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, იტალიას, ლატვიას, ლიეტუვას, ბელგიას, ნიდერლანდებს, შვედეთს და ა.შ.
ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული "გლობალური ტერორიზმის ინდექსით" საქართველომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. ამ პერიოდში საქართველომ საერთო მაჩვენებელი 1.933 ქულით გაიუმჯობესა და ანგარიშით გათვალისწინებულ პოზიციებს შორის უმაღლესი ადგილი დაიკავა. ქვეყანა ბოლო წლებში წარმატებით ინარჩუნებს ტერორიზმის ნულოვანი გავლენის მაჩვენებელს", - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.