პატიმრობა 16, 15 და 14 წლით - ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღების ფაქტზე, სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე სასამართლომ სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სამმა ბრალდებულმა, რომლებიც ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ, ზუგდიდში რამდენჯერმე გაასაღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე), ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე).

ბრალდებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა", მე-5 ნაწილის "ა" და მე-7 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), ხოლო ერთ პირს, ასევე, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა შენახვა) წარედგინა", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16, 15 და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - აცხადებენ პროკურატურაში.