პუტინი ფიქრობს, რომ ამერიკელებს „ყურადღების დეფიციტის სინდრომი“ აქვთ - ამერიკული დაზვერვა

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არასათანადოდ აფასებს აშშ-ის მზადყოფნას, რომ დახმარება გაუწიოს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა. 

ბერნსის თქმით, პუტინი დარწმუნებულია, რომ ამერიკელებს „ყურადღების დეფიციტის სინდრომი“ აქვთ და მათთვის უკრაინა გარკვეული დროის შემდეგ აქტუალობას დაკარგავს.

„პუტინი ზედმეტად არის დარწმუნებული, რომ უკრაინის გამოფიტვა შეუძლია“, - განაცხადა ბერნსმა.

ბერნსის თქმით, გარკვეულ მომენტში პუტინს მოუწევს მზარდ ხარჯებთან გამკლავება და, ასევე, მზარდ დანაკარგებთან ომში, როდესაც რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში კუბოებში დაღუპულ სამხედროებს აბრუნებენ. მათ ომში „საზარბაზნე ხორცად“ იყენებენ.

ბოლო ინფორმაციით, გასული წლის თებერვლიდან რუსეთმა უკრაინაში მხოლოდ დაღუპულთა სახით თითქმის 150 ათასი სამხედრო დაკარგა.

„ფორბსის“ ინფორმაციით, რუსეთმა ომისთვის 114 მლრდ დოლარი დახარჯა, რუსეთის ფედერაციამ ომში ევროპის უმსხვილესი სატანკო შენაერთი - პირველი სატანკო არმია დაკარგა. ომის დაწყებიდან რუსულმა შენაერთებმა საერთო ჯამში 3350 ტანკი დაკარგეს.