პუტინი ფიქრობს, რომ დასავლეთის მიზანი, რუსი ეთნოსის განადგურებაა - რუსული მედია

ვლადიმერ პუტინი

„თუ დასავლეთს რუსეთის ფედერაციის დაშლა და მის ნამსხვრევებზე კონტროლის დამყარება გამოუვა, რუსი ერი შეიძლება ვერ გადარჩეს - იქნებიან „მოსკოველები“, „ურალელები“ და ასე შემდეგ“ - ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო გამოცემა TASS-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Россия-1-ს განუცხადა.

პუტინის მტკიცებით, დასავლეთის მიზანს რუსეთის ფედერაციის დაშლა წარმოადგენს.

„თუ ჩვენ ამ გზით წავალთ [რუსეთის დაშლა], ვფიქრობ, რომ რუსეთში მცხოვრები ხალხები და პირველ რიგში, რუსი ხალხი შეიძლება რადიკალურად შეიცვალონ - არც კი ვიცი, შეიძლება თუ არა შენარჩუნდეს რუსული ეთნოსი იმ ფორმით, რა ფორმითაც დღესაა. დასავლეთს ერთი მიზანი აქვს - ყოფილი საბჭოთა კავშირის და მისი მთავარი ნაწილის, რუსეთის ფედერაციის დაშლა“, - აცხადებს პუტინი.