FT-ის გამოძიება გვიყვება იმას, რაც მხოლოდ პუტინის უახლოესმა გარემოცვამ იცოდა – ომის დაწყება ლავროვს რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს

ვლადიმერ პუტინი

პუტინი ფიქრობს, რომ ის არის პეტრე I და გარემოცვას ეშინია მისთვის სიმართლის თქმა – ამ სათაურით აქვეყნებს საგამოძიებო სტატიას ბრიტანული გამოცემა  Financial Times, რომელიც კრემლის მიერ ერთი წლის წინ გაჩაღებული ომის გარემოებებზე ესაუბრა ანონიმურ წყაროებს ვლადიმერ პუტინის გარემოცვიდან (ექვსი რესპონდენტი).

კერძოდ, FT წერს, რომ გადაწყვეტილება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ იმდენად ვიწრო წრემ მიიღო, რომ კრემლის მაღალჩინოსნები, კაბინეტის წევრები და ბიზნეს ელიტა უკრაინაში შეჭრას ვერ იჯერებდნენ.

ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ FT-ს განუცხადა, რომ როდესაც გაოგნებულმა ოლიგარქებმა მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს (რომელმაც ომის დაწყება მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე გაიგო), მან უპასუხა: ”მას [პუტინს] ჰყავს სამი მრჩეველი - ივანე მრისხანე, პეტრე I და ეკატერინე დიდი“.

"მას [პუტინს] ნამდვილად სჯერა ყველაფრის, რასაც ამბობს  პეტრე I-ზე. ის ფიქრობს, რომ ისტორიაში დარჩება, როგორც პეტრე", - განუცხადა FT-ს კრემლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

წყაროები ამბობენ, რომ პუტინი მუდმივად ცდილობს გაამართლოს თავისი გადაწყვეტილება შეჭრაზე, დაარწმუნოს საკუთარი თავი და გარშემომყოფები, რომ მას არჩევანი არ ჰქონდა.

FT წყაროები თანხმდებიან, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო იზოლირებული აღმოჩნდა ქვეშევრდომებისგან, ვიდრე ადრე.

”სტალინი ბოროტმოქმედი იყო, მაგრამ კარგი მენეჯერი, რადგან მისთვის აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ტყუილი. და ვერავინ ვერ ეტყვის სიმართლეს პუტინს“, - განმარტავს სხვა წყარო. "ადამიანი, რომელიც არავის ენდობა, ეყრდნობა მხოლოდ იმ ძალიან ვიწრო წრის აზრს, ვინც მას ატყუებს."

ამასთან დაკავშირებით, კრემლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღწერა, თუ როგორ სჯეროდა პუტინს უკრაინელი ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის, რომ უკრაინა მზად იყო რუსეთის გავლენის ქვეშ მოსაქცევად.

მედვედჩუკის პროგნოზები დაადასტურა FSB-მაც, რომელმაც პუტინი გარანტირებულ გამარჯვებაში დაარწმუნა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანი ვლადიმერ პუტინს ბოლო წუთამდე არწმუნებდა – არ ეჩქარა. ისინი ამას, ჯარის სავალალო მდგომარეობით და მოსალოდნელი ეკონომიკური გართულებებით ხსნიდნენ. ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. ამავდროულად, პუტინი აბსოლუტურად მზად არის გაჭიანურებული ომისთვის, მიაჩნია, რომ ქვეყანა იპოვის გზებს ეკონომიკური ზეწოლიდან თავის დასაღწევად.