პრეზიდენტ ტრამპის თქმით, „ამერიკა არის უპირველეს ყოვლისა“, ცუდი არაფერია იმაში, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები გაღელვებს, უბრალოდ, სხვების გაგება ასევე ჩვენს ინტერესებშია - შოლცი

olaf sholci

მსოფლიოში, სადაც სოციალური ქსელების დახმარებით, ადამიანები ნერვული აშლილობის ზღვარზე არიან, საჭიროა ცივი გონება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. სადაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციას გამოეხმაურა.

„ვაშინგტონში ყოველმა პრესკონფერენციამ, ყოველმა ტვიტმა არ უნდა გადაგვიყვანოს ისტერიულ, ეგზისტენციალურ დებატებში. ეს ასევე ეხება გუშინ ვაშინგტონში მომხდარ მთავრობის ცვლილებასაც. ნათელი რომ იყოს, შეერთებული შტატები ჩვენი უახლოესი მოკავშირეა ევროპის გარეთ”, – თქვა შოლცმა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, რადგან ეს ორმხრივი ინტერესია.

გერმანიის კანცლერის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მომავალ წლებში მსოფლიოს ფეხზე დააყენებს ბევრ სხვადასხვა სფეროში.

„ჩვენ შეგვიძლია და გავუმკლავდებით ამ ყველაფერს, ზედმეტი აღელვებისა და აღშფოთების გარეშე, მაგრამ ასევე ცრუ მლიქვნელობისა და ზედმეტი ლაპარაკის გარეშე. დიახ, პრეზიდენტი ტრამპი ამბობს – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და არაფერია ცუდი იმაში, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები გაღელვებს, ყველას გვაღელვებს. უბრალოდ, თანამშრომლობა და სხვების გაგება ჩვეულებრივ ასევე ჩვენს ინტერესებშია. მე ეს ხშირად მითქვამს გერმანიის შესახებ. გერმანიის უდიდესი ეროვნული ინტერესი ევროკავშირია“, – თქვა შოლცმა.