პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი - მორავეცკი

მორავეცკი

პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, სანა მარინთან შეხვედრისას განაცხადა.

პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ უნდა მოხდეს რუსული აქტივების კონფისკაცია და რუსეთმა უკრაინაში წარმოებული ომისთვის ტკივილი უნდა იგრძნოს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პშევოდოვში რაკეტის აფეთქების საქმის გამოძიებას ჯერ არ მიუღია მონაცემები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ზუსტად დადგინდეს, საიდან იყო რაკეტა გასროლილი, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

„პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი. ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსული გაზი ისეთივე სახიფათოა, როგორც რუსული ტანკები. ეჭვი არ გვეპარება, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ჰიბრიდული თავდასხმა იყო რუსეთის ქმედებების პრელუდია. პოლონეთმა ააშენა კედელი ბელარუსის საზღვართან და ვაპირებთ, ავაგოთ ბარიერი პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე კალინინგრადის რეგიონში. ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება ადგილობრივი საკითხი არ არის და გლობალური განზომილება აქვს. ნატო არის ყველაზე ძლიერი სამხედრო კავშირი ისტორიაში, მაგრამ ძალა ეყრდნობა ყველა სახელმწიფოს ძალას და სოლიდარობას“, – აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.