პენტაგონის შეფასებით, ირანის ომის ღირებულება უკვე 29 მილიარდი დოლარია

irani

აშშ-ის ომი ირანის წინააღმდეგ ამ დროისთვის 29 მილიარდი დოლარი დაჯდა - ეს შეფასება აღემატება იმ 25-მილიარდიან ნიშნულს, რომელიც პენტაგონის მაღალჩინოსნებმა კონგრესს ორი კვირის წინ წარუდგინეს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

„წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში ჩვენების მიცემის დროს ეს თანხა 25 მილიარდს შეადგენდა, თუმცა გაერთიანებული შტაბისა და კონტროლიორის გუნდები მუდმივად აახლებენ ამ მონაცემებს. ახლა ვფიქრობთ, რომ ციფრი 29 მილიარდთან უფრო ახლოსაა. ეს განპირობებულია აღჭურვილობის შეკეთებისა და ჩანაცვლების განახლებული ხარჯებით, ასევე უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების თეატრში პირადი შემადგენლობის შენახვის საოპერაციო ხარჯებით“, — განაცხადა სამშაბათს პენტაგონის კონტროლიორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯეი ჰერსტმა, წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მოსმენაზე.

მოგვიანებით, სენატის ასიგნებების ქვეკომიტეტის მოსმენაზე ჰერსტმა დააზუსტა, რომ 29-მილიარდიანი თანხა არ მოიცავს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ამერიკულ ბაზებზე მიყენებული ზიანის ხარჯებს.

„ამ ეტაპზე ზუსტი შეფასება უბრალოდ არ გაგვაჩნია“, - აღნიშნა ჰერსტმა.