ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირი საკმარისად ძლიერია, რათა აშშ-ის მიერ დაწესებულ ნებისმიერ ტარიფს უპასუხოს, თუმცა მთავარი მიზანი სავაჭრო პარტნიორებს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს

ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საკმარისად ძლიერია, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულ ნებისმიერ ტარიფს უპასუხოს, თუმცა მთავარი მიზანი სავაჭრო პარტნიორებს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს.

გერმანიის კანცლერის თქმით, როგორც აშშ, ისე ევროპა სარგებელს იღებს საქონლისა და მომსახურების გაცვლით.

„ევროპა ძლიერია. ჩვენ მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკური სივრცე ვართ. ძალიან წარმატებული. სწორედ ამიტომ, დღეს ბრიუსელში შევიკრიბეთ, რათა ვისაუბროთ იმაზე, როგორ შეგვიძლია, ერთად ვაშენოთ ევროპის მომავალი. ჩემი თვალსაზრისით, ერთი რამ ძალიან ნათელია, ევროპა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესია. ცხადია, რომ როგორც ძლიერ ეკონომიკურ სივრცეს, შეგვიძლია საკუთარი თავის ორგანიზება და საბაჟო პოლიტიკაზე საბაჟო პოლიტიკითვე რეაგირება. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ და გავაკეთებთ კიდეც, მაგრამ პერსპექტივა და მიზანი უნდა იყოს, რომ ვიმოქმედოთ ისე, რომ ეს თანამშრომლობით დასრულდეს“, – განაცხადა შოლცმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს ხანში ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესებას გეგმავს.

„კონკრეტული გრაფიკი არ მაქვს, მაგრამ ეს საკმაოდ მალე მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.