სოზარ სუბარი: წლების განმავლობაში ვამტკიცებთ ზუსტად იმავეს - USAID, NED, სოროსი ეს არიან ის ორგანიზაცები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ, ანტიეროვნულ საქმიანობას

სოზარ სუბარი

წლების განმავლობაში ვამტკიცებთ ზუსტად იმავეს - USAID, NED, სოროსი (ფონდი) ეს არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ, ანტიეროვნულ საქმიანობას, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან USAID-სა და NED-ის მისამართით დღეს გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

მისივე თქმით, USAID-ის მისამართით პირდაპირი ბრალდებები გამოითქვა.

„წლების განმავლობაში ვამტკიცებთ ზუსტად იმავეს - USAID, NED, სოროსი (ფონდი), ეს არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ, ანტიეროვნულ საქმიანობას. ეს არის სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობა, ეს არის ახალგაზრდებისთვის ტვინის გამორეცხვა და მავნე იდეების ჩანერგვა, ეს არის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ბრძოლა ეროვნული ავტორიტეტების წინააღმდეგ და ბრძოლა ეროვნული ტრადიციების წინააღმდეგ“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს კონგრესში მოსმენები იყო, სადაც სახელმწიფო მდივანს უსვამდნენ კითხვებს USAID-ის საქმიანობის შესახებ და სახელმწიფო მდივანი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ისინი აფინანსებენ ძალიან ბევრ ისეთ პროექტს, რომელიც არანაირად არ შედის არც აშშ-ის და არც იმ ქვეყნების ინტერესებში, სადაც აღნიშნული პროექტები ხორციელდებოდა. სუბარის განცხადებით, ერთ-ერთი პროექტი ეხებოდა ნეპალში რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლას, რისთვისაც 0,5მლნ დოლარის გრანტი იყო გამოყოფილი.

„ეს არ არის პროექტების რაღაც 3 თვით გაჩერება, ეს არის ძალიან სერიოზული გამოძიების დაწყება, რათა გამოიძიონ ის მავნებლობები, რასაც წლებისა და ათწლეულების განმავლობაში ეს ორგანიზაციები აკეთებდნენ. განსაკუთრებით ეს გაძლიერდა იმ პერიოდში, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო ენტონი ბლინკენი, ხოლო USAID-ს ხელმძღვანელობდა სამანტა პაუერი“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, სამანტა პაუერი ანტიქართული განცხადებები ცნობილი იყო და ფარად ჰქონდათ გამოყენებული რადიკალ ოპოზიციონერებს, „ენჯეოებსა“ და მედიას საქართველოში. იგი მიიჩნევს, რომ დღეს ეს ეპოქა დასრულდა.