ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების განვითარებით და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობით

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუს კოლეგასთან მიხაილ მიშუსტინთან ეკატერინბურგში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ერევანი მოსკოვთან ურთიერთობების განვითარებაზეა ორიენტირებული და დაინტერესებულია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობით.

„ეს შეხვედრა ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რათა ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგი განვიხილოთ. არჩევნების შემდეგაც კარგი დროა, როგორც იტყვიან, პოზიციები შევაჯეროთ. ბოლო პერიოდში გარკვეული პრობლემური საკითხები გაჩნდა და, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, მათ განვიხილავთ და გადავჭრით.

როგორც არჩევნებამდე (7 ივნისს სომხეთში ჩატარებულ არჩევნებამდე), ისე არჩევნების შემდეგაც, ჩვენ ორიენტირებული ვართ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე. ასევე, დაინტერესებული ვართ ჩვენი მონაწილეობით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში“, -განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ერევანი განსაკუთრებით დაინტერესებულია იმით, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მექანიზმები ნორმალურ, დაგეგმილ რეჟიმში მუშაობდეს.

„ვფიქრობ, ეს თავად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შემდგომი განვითარების ინტერესებშიც შედის. ჩვენ კონსტრუქციულად ვართ განწყობილი, რათა ყველა საკითხი და ყველა ნიუანსი განვიხილოთ და განვმარტოთ. იმედი მაქვს, დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგად კონკრეტული საკითხების გადაწყვეტას შევძლებთ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

29 მაისს ასტანაში გამართულ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტზე რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი იზიარებენ პოზიციას, რომლის თანახმადაც სომხეთში უნდა ჩატარდეს საყოველთაო ეროვნული რეფერენდუმი - ევროპის კავშირში გაწევრიანების ან ევრაზიული ეკონომიკური კავშირში დარჩენის საკითხზე.