მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა, ფრენაზე შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის აეროპორტებში

დრონი

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დედაქალაქზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.

როგორც სობიანინმა სოციალურ ქსელში დაწერა, მოსკოვის დროით, დილის 06:00 საათამდე დედაქალაქის მიმართულებით 430-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი მიემართებოდა, რომელთა უმეტესობაც საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქალაქიდან შორეულ მისადგომებთან გაანეიტრალეს.

სობიანინმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვთან ახლოს 36 დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან, რუსეთის საავიაციო უწყებამ ღამის განმავლობაში ფრენაზე შეზღუდვები დააწესა მოსკოვის ყველა აეროპორტში – დომოდედოვოს, ვნუკოვოს, ჟუკოვსკისა და შერემეტიევოს აეროპორტებში.

დრონების საფრთხის გამო შეზღუდვები ასევე დაწესდა კალუგის, ნიჟნი-ნოვგოროდის, კრასნოდარის, სოჭის, სარატოვის, პენზისა და სხვა ქალაქების აეროპორტებშიც.

უკრაინის სამხედროებს მოსკოვზე დრონებით მასშტაბური თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.