სუპერვარსკვლავ ჯასტინ ტიმბერლეიკს ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს
1754040595
აუტისტური სპექტრის მახასიათებლების განმარტება არც ისე მარტივია, რადგან, შესაძლოა, ორი ადამიანიც კი ვერ იპოვოთ ისეთი, რომელთათვისაც გამოცდილება მსგავსია. მათი განვითარების დონეც განსხვავდება, სიმპტომებიც და საჭიროებებიც, უახლესი კვლევაც ამას გვეუბნება და აუტიზმის კლინიკურად და ბიოლოგიურად განსხვავებულ 4 ქვეტიპს ავლენს.
თუმცა, სანამ ამას შემოგვთავაზებდნენ 5000 აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე ჩაატარეს კვლევა, რომელთა ასაკი 4-დან 18 წლამდე მერყეობდა. მათზე მონაცემები კი SPARK-ისგან მიიღეს, ეროვნული კვლევისგან, რომელიც მსგავს მასალებს მშობლებისგან აგროვებს… ამაზე დაფუძნებით 230 ცდა ჩაატარეს, რაც მოიცავდა სოციალურ ინტერაქციებს, განმეორებით ქმედებებსა და განვითარების ეტაპებს. შემდგომ კი გამოთვლით მოდელს მიმართეს, რათა ინდივიდები, თვისებების მიხედვით, ჯგუფებად დაენაწილებინათ.
სწორედ ასე გამოავლინეს 4 ქვეტიპი, რაც აუტიზმის გენეტიკური მხარეების შესწავლისა და პერსონალიზებული მკურნალობის მეთოდებისკენ გადადგმული ნაბიჯია — „მნიშვნელოვანი კვლევაა, რადგან კიდევ ერთ აგურს წარმოადგენს კედლისთვის, რომელიც საფუძველს ქმნის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების გასაცემად“.
ახლა კი უშუალოდ ახალი კვლევის მიერ გამოვლენილი ქვეტიპები განვიხილოთ:
1. სოციალური და ქცევითი გამოწვევები
ეს ჯგუფი კვლევის მონაწილეთა 37%-ს შეადგენდა, რომელთაც სოციალური გამოწვევები და განმეორებითი ქმედებები ახასიათებდათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივ ვითარდებოდნენ იმ ბავშვების მსგავსად, რომელთაც აუტიზმი არ ჰქონდათ. მათ პარალელურად ისეთ მდგომარეობებთანაც უწევდათ გამკლავება როგორებიცაა ADHD, შფოთვა, დეპრესია და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.
2. აუტისტური სპექტრი განვითარების ჩამორჩენით
მონაწილეთა 19%-ში გამოვლინდა. ამ ჯგუფში არსებული ბავშვები უფრო გვიან იწყებდნენ სიარულსა და ლაპარაკს იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთაც აუტიზმი არ ჰქონდათ. თუმცა მათ შფოთვის, დეპრესიისა თუ სხვა დესტრუქციული ქმედებები არ აღენიშნებოდათ. ზოგიერთის შემთხვევაში კი განმეორებითი ქმედებები და სოციალური გამოწვევები გვხვდებოდა.
3. მსუბუქი გამოწვევები
კვლევის მონაწილეთა საკმაოდ მნიშვნელოვან წილს, 34%-ს წარმოადგენდა. ეს ჯგუფი აუტიზმისთვის დამახასიათებელ ძირითად ქმედებებს აჩვენებდა, თუმცა არა ისე ძლიერად, როგორც სხვა ჯგუფები… განვითარების ტემპიც ჩვეულებრივი ჰქონდათ და არც რაიმე ფსიქიატრიული მდგომარეობა აღენიშნებოდათ.
4. დიდი გავლენის ქვეშ მყოფი
ეს ჯგუფი კი უკვე კვლევის მონაწილეთა 10%-ს შეადგენდა. ისინი უფრო მძიმე გამოწვევების წინაშე იდგნენ, იქნება ეს განვითარების შეფერხებები, სოციალური თუ კომუნიკაციის სირთულეები, განმეორებითი ქმედებები და ისეთი ფსიქიატრიული მდგომარეობები, როგორებიცაა შფოთვა, დეპრესია და ე. წ. განწყობის დისრეგულაცია.
ოთხივე ქვეტიპს განსხვავებული გენეტიკური მახასიათებლები აქვს
აუტიზმის ერთი გამომწვევი მიზეზი არ არსებობს, ბევრ საკითხს უკავშირდება, რომელთაგანაც, მეცნიერთა ინფორმაციით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს გენეტიკა ასრულებს. თუმცა ამჯერად ეს მიზეზი აუტიზმის სპექტრის მქონე პირების 20%-შია გამოხატული.
„თუ გვეცოდინება, რომელ გენებზე ზემოქმედებს, როდის და სად გამოიხატება, შემდგომ აუტიზმის განსხვავებული ტიპების მიღმა არსებულ ბიოლოგიასაც მოვფენთ ნათელს. ეს არის გასაღები ზუსტი მედიცინის მიზნისკენ, რა დროსაც მკურნალობები მორგებული შეიძლება იყოს თითოეულ ინდივიდზე, რომელიც მათი გენეტიკის, განვითარებისა და კლინიკური პროფილის შესახებ არსებულ ინფორმაციებს დაეფუძნება“, — განმარტავენ მეცნიერები.
კვლევის შეზღუდვა
გამომდინარე იქიდან, რომ კვლევის მონაწილეთა საშუალო ასაკი 8.5 გამოდის, მეცნიერებს აინტერესებთ, რა შედეგები გამოვლინდება უფრო ასაკიან ადამიანებში… სამომავლოდ კი მიღებული შედეგების უფრო ფართო და მრავალფეროვან ჯგუფებზე გამეორება სურთ…
მართალია, უახლესმა კვლევამ აუტიზმის 4 ქვეტიპი წარადგინა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მეტი არ არსებობს — „რაც უფრო მეტი მონაცემი გახდება ხელმისაწვდომი, მით უფრო დაიხვეწება არსებული ქვეტიპები და მათ შორის ახლებიც იჩენს თავს“.
ამგვარად, კვლევას დრო სჭირდება, უფრო ზუსტი დიაგნოზი კი, უფრო ეფექტურ მკურნალობის მეთოდებამდე მიგვიყვანს.