მედიის ცნობით, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ლიბანში, სულ მცირე, 380 ადამიანი დაიღუპა

„ცაჰალმა“ ლიბანთან საზღვარზე დასახლებული პუნქტების ევაკუაციის შესახებ განაცხადა

ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ლიბანში, სულ მცირე, 380 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სიენენი“ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

როგორც ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა, ნასერ ალ-დინმა პრესკონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, 17 აპრილს ძალაში შესული შეთანხმების შემდეგ ლიბანში 1 122 ადამიანი დაშავდა.

მისივე თქმით, ისრაელი მიზანმიმართულად ესხმის თავს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 მარტიდან საერთო ჯამში, სულ მცირე, 2 882 ადამიანი დაიღუპა, 8 768 კი დაშავდა.

ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი და „ჰეზბოლა“ კვლავ აგრძელებენ ერთმანეთზე თავდასხმებს და ორივე მხარე ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.