ლიეტუვური მედია: ლიეტუვის თავდაცვის ხარჯების გაზრდას 5-6%-მდე მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები ემხრობა

თავდაცვის ხარჯები

ლიეტუვის თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5-6%-მდე გაზრდას ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 44% უჭერს მხარს. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ერთ-ერთ სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41,5% საერთოდ არ ემხრობა სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის იდეას.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ იანვარში ეროვნული თავდაცვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საჭიროა სამხედრო ბიუჯეტის 5-6%-მდე გაზრდა, რათა ჯარი განვითარდეს 2030 წლამდე, და არა 2036-2040 წლებამდე, როგორც ეს ადრე იყო ჩაფიქრებული.

ლიეტუვის ოფიციალური პირების განცხადებით, იმისათვის, რათა ჯარის განვითარება 2030 წლამდე მოესწროს, დამატებით 10 მილიარდი ევროს გამოყოფაა საჭირო.

გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრისა და ბაზრის კვლევითმა ცენტრმა Vilmorus-მა ჩაატარა. კვლევა 14-23 თებერვალს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1000 სრულწლოვანმა ადამიანმა მიიღო.