ლიეტუვაში ჭაობიდან ამოიყვანეს ამერიკული ჯავშანმანქანა, დაკარგულ ჯარისკაცებს კვლავ ეძებენ

ლიეტუვაში ჭაობიდან ამოიყვანეს ამერიკული ჯავშანმანქანა, დაკარგულ ჯარისკაცებს კვლავ ეძებენ

ლიეტუვაში, სამხედრო პოლიგონ პაბრადეს ტერიტორიაზე დასრულდა ჭაობიდან ამერიკული ჯავშანმანქანის ამოყვანის ოპერაცია. ამის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

როგორც ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ჭაობში ჩავარდნილი ჯავშანმანქანის ამოსაყვანად გამოყენებული იყო კიდევ ორი ჯავშანტრანსპორტიორი და სპეციალური ტექნიკა. ოპერაციაში მონაწილეობდნენ სამხედრო ინჟინრები და მყვინთავები.

„ამჟამად მომხდარის ადგილზე მუშაობენ ამერიკელი გამომძიებლები და ლიეტუვის სამხედრო პოლიცია“, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალენემ.

მისივე თქმით, ლიეტუვას ჯერ არ აქვს ინფორმაცია დაკარგული სამხედროების შესახებ და, აშშ-თან შეთანხმებით, ამ ინფორმაციას პირველი ვაშინგტონი გაავრცელებს.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის ცნობით, სწავლებები, რა დროსაც ინციდენტი მოხდა, ამერიკული მხარის მიერ იყო ორგანიზებული.

„სწორედ ოპერაციის მეთაურები აგებენ პასუხს გეგმების შედგენაზე და ქმედებებზე, რომლებიც განხორციელებული იყო სწავლებების დროს. როგორ მოხდა ეს მოვლენა, გავიგებთ შემდეგ ეტაპზე, რადგან ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ჯარისკაცების შესახებ“, – განაცხადა შაკალენემ.

ჯავშანმანქანა, რომელიც ლიეტუვაში გამართულ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობდა და რომელსაც ოთხი ამერიკელი სამხედრო მართავდა, 26 მარტს ჭაობში აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპასა და აფრიკაში ამერიკულმა სარდლობამ გაავრცელა. იმავე დღეს ვარშავაში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ეს სამხედროები დაიღუპნენ.