ლიეტუვა მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭების უფლებას აჩერებს

ლიეტუვა

ლიეტუვა მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭების უფლებას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კერძოდ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადისლავ კონდრატოვიჩმა განაცხადა, ლიეტუვაში მზადდება მიგრაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს დაკეტოს საზღვრები თავშესაფრის მაძიებლებისთვის.

„ამჟამად მზადდება ძალიან დიდი მიგრაციული პაკეტი, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს გარკვეულ ცვლილებებს, მაგალითად, საზღვრის პოტენციურ ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ფინეთისა და პოლონეთის მსგავსად“, – თქვა კონდრატოვიჩმა ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის, LRT TV-ს ეთერში.

მინისტრის თქმით, ახლა ხელისუფლება სწავლობს აღნიშნული ორი ქვეყნის გამოცდილებას.

„კონკრეტულად, როდესაც მესაზღვრეებზე თავდასხმები მეორდება, შესაძლოა, მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები თავშესაფრის განაცხადების მიღებაზე“, – თქვა მან.

კონდრატოვიჩის თქმით, პოლონელ მესაზღვრეებზე მიგრანტების თავდასხმებმა უბიძგა ლიეტუვას, განიხილოს თავშესაფრის უფლების შეჩერება.

„ზომები, რომლებიც იყო სათანადო რამდენიმე წლის წინ, ან გასულ წელს, შეიძლება დღეს აღარ იყოს შესაბამისი, ამიტომ, ჩვენ უნდა შევძლოთ სათანადო რეაგირება, უკეთესი პრაქტიკის მიღება და სხვა ქვეყნებში სიტუაციების ანალიზი. ამავდროულად, ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ბაზა იყოს ადეკვატური, რათა ჩვენ მზად ვიყოთ მომავალი საფრთხეებისთვის“, – დასძინა მან.

ლიეტუველმა მესაზღვრეებმა მიმდინარე წელს ბელარუსიდან საზღვრის არალეგალურად კვეთის 250-მდე მცდელობა შეაჩერეს. გასულ წელს 1002 ასეთი მცდელობა დაფიქსირდა. ბელარუსიდან ლიეტუვაში, ლატვიასა და პოლონეთში საზღვრის უკანონოს კვეთი მზარდი შემთხვევები 2021 წელს დაიწყო. ევროკავშირმა მიგრაციის ინსტრუმენტალიზაციაში ბელარუსის ხელისუფლება დაადანაშაულა.