1791704058
კლინიკიდან ისევ საკანში - სიკვდილმისჯილი კრისტა პაიკის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი
50 წლის კრისტა პაიკი, რომელიც სიკვდილით დასჯის დროს ორი სასიკვდილო ინიექციის შეყვანის შემდეგ გადარჩა, ციხეში დააბრუნეს. ინფორმაციას მისი ადვოკატები ავრცელებენ.
პაიკი საავადმყოფოდან გაწერეს და ქალთა ციხეში გადაიყვანეს, სადაც ის ბოლო 30 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
„ის მადლიერია საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებისა და სამედიცინო პერსონალის, ამ განსაკუთრებულ გარემოებებში გაწეული მზრუნველობისთვის. ის ციხეში კვლავ იღებს სამედიცინო დახმარებას და ჩვენ თვალს მივადევნებთ მისი გამოჯანმრთელების პროცესს“, - განაცხადეს ადვოკატებმა.
1996 წელს, ამერიკის ტენესის შტატის სასამართლომ კრისტა პაიკს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა მკვლელობისთვის, რომელიც მან თავის ბოიფრენდთან, თადარილ შიპთან ერთად ჩაიდინა. განაჩენი აღსრულებაში 30 სექტემბერს უნდა მოეყვანათ. პაიკი გახდებოდა პირველი ქალი ტენესიში ბოლო 200 წლის განმავლობაში, რომელიც სიკვდილით დასაჯეს, თუმცა ის ორი სასიკვდილო ინიექციის შემდეგ გადარჩა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 6 ოქტომბერს გონს მოვიდა. სამედიცინო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ციხის პერსონალმა ინტრავენური კათეტერები არასწორად ჩადგა, რის გამოც პენტობარბიტალი ვენაში კი არ შედიოდა, არამედ ქსოვილებში გროვდებოდა.












