1791704058
საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება - დაკავებულია 7 000-ზე მეტი პირი, მათ შორის არასრულწლოვნები
საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების პროტესტი გრძელდება - განათლების რეფორმის მოთხოვნით დაწყებულ აქციებზე, ქვეყნის მასშტაბით, 7 000-ზე მეტი დაკავებულია, მათი უდიდესი ნაწილი არასრულწლოვანია. სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს საფრანგეთის ქალაქებში 1 000-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება აქვთ ბლოკირებული.
აქციები ქვეყნის მასშტაბით, პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, რის გამოც სამართალდამცავი ორგანო მზარდი კრიტიკის ქვეშ მოექცა.
მედიის ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებით გამოწვეული დაზიანებების 28 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, არის 14 წლის მოზარდი, რომელსაც ცრემლსადენი გაზის ყუმბარის მოხვედრის შედეგად ყბა მოტყდა, 15 წლის მოზარდი, რომელმაც ხელის მტევანი დაკარგა და 2 ადამიანი, რომელმაც თვალის დაზიანება მიიღო.
პროტესტი გრძელდება საფრანგეთის მეზობელ ბელგიაშიც, სადაც, ასევე, სამართალდამცველებთან შეტაკებები გრძელდება.












