ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბიდან მიმართვას ავრცელებენ
1736782536
ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა გაიმარჯვა.
ვინ არის ზორან მილანოვიჩი - მილანოვიჩს უკრაინისთვის ევროკავშირისა და NATO-ს დახმარების კრიტიკოსად მოიხსენიებენ. სინამდვილეში ის წინააღმდეგია, რომ მისი ქვეყნის ჯარისკაცებმა უკრაინაში ნატოს მისიაში მიიღონ მონაწილეობა, განცხადებაში კი ამის მიზეზები მკაფიოდ განმარტა. მილანოვიჩის განცხადებით, მისთვის მთავარი ქვეყნის უსაფრთხოებაა. ამის შესახებ „იმედინიუსი“ წერს.
„რესპუბლიკის პრეზიდენტის და ასევე ხორვატიის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ამოცანაა დაიცვას ქვეყანა ომისგან“,- წერდა ის გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა ნატო-ს მოკავშირეები უკრაინისთვის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ომის გახანგრძლივებას იწვევს.
„წინააღმდეგი ვარ უკრაინაში ნებისმიერი ლეტალური იარაღის გაგზავნის. ეს ახანგრძლივებს ომს. რა არის მიზანი, რუსეთის დაშლა, ხელისუფლების შეცვლა? საუბარია რუსეთის დაშლაზეც. ეს სიგიჟეა".
მილანოვიჩმა მაშინ ასევე დაგმო გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტანკების მიწოდებს შესახებ.
„გერმანული ტანკები რუსეთში - წარმატებებს გისურვებთ ამაში“, - აცხადებდა ის.
„ვაშინგტონი და ნატო უკრაინის გავლით, რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტულ ომს აწარმოებენ“ - ამ კომენტარით ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა პასუხი გასცა პრემიერ მინისტრის, ანდრეი პლენკოვიჩის კრიტიკას, რომელმაც ისტორიული მნიშვნელობის შეცდომა უწოდა იმ პარლამენტარების გადაწყვეტილებას, რომელთაც ხმის მიცემის დროს, მხარი არ დაუჭირეს ხორვატიის მონაწილეობას უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიაში. ხორვატიის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ევროკავშირი თავის ისტორიაში პირველად ებმება ომში, რაც ევროპული ბლოკის ფუნქციონირების შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
„ვაშინგტონი და ნატო უკრაინის გავლით, რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტულ ომს აწარმოებენ. მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მიზანს ვერ ვიგებ. გეგმა ვერ იქნება პუტინის გადაყენება და გეგმა ვერ იქნება სანქციები. სანქციები უაზრობაა და ამით ვერაფერს მივაღწევთ. სანქციებით მილოშევიჩიც კი ვერ გატეხეს. ისინი ომიდან ომში დადიან და მე რა გავაკეთო ამ დროს? ამერიკის მონა უნდა ვიყო?“ - აცხადებდა მილანოვიჩი.
შეიძლება ითქვას, რომ მილანოვიჩი ხორვატიაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. მან ამომრჩეველთა ხმების 74% მიიღო, მისმა მეტოქემ, დრაგან პრიმორაცმა კი ორჯერ ნაკლები ხმა . მოქმედმა პრეზიდენტმა პირველ ტურშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა, მაშინ მას სრულ გამარჯვებამდე მხოლოდ 1% დააკლდა.